„ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, რომელიც არ ჯდება ჩარჩოებში“ – პრემიერ მინისტრის პირველი შეფასება

„რაც დღეს ყოველმა ჩვენგანმა ვიხილეთ, სრულიად მიუღებელია ერისთვის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძვის თავისუფლებისთვის“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, რომელიც პარლამენტის შენობაში იმყოფება.  

როგორც პრემიერი აცხადებს, პარლამენტის შენობაში რაც მოხდა, ეს იყო სამართლიანი პროტესტი, თუმცა, რაც ახლა პარლამენტის მიმდებარედ ხდება, ეს ძალადობა და აგრესიაა.

„რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო გულწრფელი და მშვიდობიანი პროტესტი.  რა თქმა უნდა, საქართველოში ნებისმიერ ჯგუფს აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი. ეს იყო სამართლიანი პროტესტი, მაგრამ ბოლო 2 საათის განმავლობაში რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, ეს არის ძალადობა და მცდელობა, აგრესიულმა ჯგუფმა „ნაცმოძრაობამ“ გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომლიც საქართველოში შეიქმნა. მე მსურს მივმართო ახალგაზრდებს, თაობას რომლის ხელშიცაა მომავალი საქართველო და რომელიც ენერგიისა და სამართლიანობის მატარებელია, მე ვარ თქვენს გვერდით, მაგრამ ჩვენ გვაქვს ახლა საქმე პოლიტიკურ ინტერესთან. იმ პოლიტიკურ ინტერესთან, რომელიც არ ჯდება ჩარჩოებში. საქართველოში ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა და ჩვენ ძალადობას არ შევურიგდებით. ძალადობა არის მიუღებელი და მას ექნება ადეკვატური პასუხი“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

პრემიერის განცხადებით, არის მცდელობა, საქართველო მოწყვიტონ მდგრად განვითარებას რასაც არ დავუშვებთ და რაც არავის გამოუვა. “რაც უსწრებდა დღევანდელ დღეს, ეს არის საერთო პროვოკაციის ნაწილი და ჩვენ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით” – აღნიშნა ბახტაძემ.    

მსგავსი თემები