“ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს NATO-ს წევრობისკენ სვლას დააჩქარებს” – დავით ზალკალიანი

NATO-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას ეხებოდა, უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს. NATO შავი ზღვის პაკეტზე მუშაობს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის მეტ დახმარებას ითვალისწინებს.

დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ალიანსის წევრი მალე გახდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სრულად იყენებს უკვე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც ქვეყნის NATO-ს წევრობისკენ სვლას დააჩქარებს.

დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო იცავს NATO-ს სტანდარტებს და მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობები გააძლიეროს.

“სხვადასხვა გადაწყვეტილებასა და დეკლარაციებში ნათქვამი იყო, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ დღეს NATO-ში არსებულ სიტუაციას. იმას, რომ ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ჩვენ სრულად ვიყენებთ უკვე არსებულ პრაქტიკულ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს NATO-ს წევრობისკენ სვლას დააჩქარებს.

ამავე დროს საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც მოკავშირე, ასე რომ ჩვენ ვიცავთ NATO-ს სტანდარტებს, განვაგრძობთ ძალის ხმევასა და მუშაობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობები და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა მზად იყოს იმ მომენტისთვის, როცა წევრობის დრო დადგება,” – აცხადებს დავით ზალკალიანი.

მსგავსი თემები