ვიქტორ დოლიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ნიკოლას ფლორისთან.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანანო დაკავება.

ვიქტორ დოლიძემ მათ დეტალურად მიაწოდა საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ინფომრაცია და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების დროული და ეფექტური რეაგირების აუცილებლობაზე.

ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. მან შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

შეხვედრის ფარგლებში, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა განახლებული ინფომრაცია მიაწოდეს საქართველოს წარმომადგენელს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით ICRC-ს აქტიური ჩართულობის თაობაზე და განაცხადეს რომ რეგულარულ რეჟიმში, ორკვირიანი ინტერვალით განაგრძობენ მის მონახულებას. მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ ყოველდღიური კავშირი აღნიშნულ საკითხზე და მოვლენების განვითარების კვალდაკვალ გაცვალონ ინფორმაცია.

მსგავსი თემები