ვისია თითები, რომელიც მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილს შეეხო?! – ექსპერტიზამ ათეულობით ანაბეჭდი აღმოაჩინა

ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილზე ექსპერტიზამ ათეულობით თითის ანაბეჭდი აღმოაჩინა. ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატების განცხადებით, კითხვაზე – ვისია თითები, რომელიც მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილს შეეხო, პასუხი გენერალურმა პროკურატურამ უნდა გასცეს.

„ინგლისში ჩატარდა ექსპერტიზა, მივიღეთ დისკი, რომელზეც ასახულია ექსპერტიზის შედეგები, აღმოჩნდა, რომ მასზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი. ამ დისკს პროკურატურაში წარვადგენთ.  დანარჩენი გამოძიების საქმეა, არც თუ ისე, რთული, მან უნდა მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენთიფიკაცია და შემდეგ, უნდა გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე. რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას, ვისი ანაბეჭდი არის ზედ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა  ზვიად კორძაძემ “არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან” შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ საუბარია მუქარის წერილზე, რომელიც, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან მიიღო.

მსგავსი თემები