“ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული, უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები ელექტრონული იყოს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს კიდევ ერთი რეკომენდაციით მიმართა.

გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, უმჯობესია, თუ ე.წ. ქეშ ფულს არ გამოიყენებენ.

„ერთ-ერთი წყარო გავრცელებისა გახლავთ ფული, ბანკნოტები. მინდა დღეს მოვუწოდო ბანკებს, განსაკუთრებით იმ ბანკებს, ვინც არიგებენ ე.წ. ქეშით პენსიებს, ზოგადად მოსახლეობას, შესაძლოა ჩვენთვის ნაკლებად დამაზიანებელია, რადგან შიდა გავრცელება არ გვაქვს და ამ მეთოდებს იყენებდა ჩინეთი, მაგრამ რაც უფრო გამოვიყენებთ ამ ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს, მით უფრო დავიცავთ თავს. ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე, ანუ ყველა ანგარიშსწორება იქ ხდება ელექტრონულად. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონულად, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეშით, სასურველია ქეშის ხმარების დროს მაქსიმალურად დავიმუშავოთ ხელები. ამასთან დაკავშირებით მინდა, მივმართო ბანკებს, ბანკებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, ყველა ფილიალში, ბანკის განყოფილებებში იყოს ხელის დასამუშავებელი სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები.  ეს აუცილებელია თვითონ ბანკის თანამშრომლებისთვის, ვინც გასცემენ ქეშით თანხას, ასევე ვინც იღებენ ქეშით თანხას. ხშირად თავშეყრაა ხოლმე, როცა პენსიების გაცემა ხდება და მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, ვინც გასცემს პენსიებს, რომ იქნებ ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ გაცემა იყოს ელექტრონულად და თუ ამის საშუალება არ არის ან არ უნდა ადამიანს, მაშინ შეუქმნან პენსიონერებს შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ფულის აღების შემდეგ ან მანამდე ჰიგიენური ნორმები დაიცვან. თუ შესაძლებელია, რომ ამ დროს ავარიდოთ თავი დიდ თავშეყრას და რიგებს“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები