ვირტუოზი მევიოლინე კონცერტის პირველი 10 ბელეთის შემძენს საკუთარ ოჯახში ეპატიჟება – სიურპრიზი მსმენელებს

21 აპრილს, საზოგადოების წინაშე, გერმანიაში მოღვაწე ვირტუოზი მევიოლინეს, ბელა ბერკემერ-მახარაძის ოჯახი წარსდგება. კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 19.00 საათზე გაიმართება.

„უდიდესი სიყვარულით, მონატრებითა და პატივისცემით, უკვე ახალ ამპლუაში წარვსდგებით თქვენს წინაშე, როგორც ოჯახური ტრიო, სოლო კონცერტით „VIOLINS END VOICES“, რომელშიც ამჯერად მონაწილეობას მიიღებს ჩემი უფროსი ქალიშვილი ნინა ბერკემერი. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად დავიპყრობთ მსმენელის გულებს, – აცხადებს ბელა ბერკემერ-მახარაძე „მთავართან“ საუბრისას.

ვირტუოზი მევიოლინე ამჟამად საქართველოში იმყოფება, რის გამოც, მას აქვს საშუალება, თავისი მსმენელი სურპრიზით გაახაროს.

„გადავწყვიტე, პატარა სურპრიზი გავუკეთო პირველ 10 ძვირფას მხარდამჭერს, რომელიც უახლოეს დღეებში ჩვენი კონცერტების ბილეთებს შეიძენს, _ მინდა, მოვიწვიო ისინი ჩემთან ოჯახში, ფინჯან ყავაზე, გემრიელ ნამცხვარზე და შევუქმნა საუკეთესო განწყობა. ბილეთების შეძენის შემთხვევაში, გთხოვთ, გადაუღოთ მას ფოტო, დადოთ კომენტარის სახით ჩემს ფეისბუქ-გვერდზე, მიაწეროთ დღე და საათი, რადგან ამგვარად უფრო აშკარა გახდება, თუ ვინ იქნება ჩემი სტუმარი მომდევნო დღეებში“, – აცხადებს ბელა ბერკემერ-მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს ქალბატონი ბელას დაბადების დღეა და როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი, მსმენელის გაბედნიერება და სიხარულია.

„ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩემთვის თქვენ მიერ შეძენილი ბილეთებია, ვინაიდან მე, როგორც მევიოლინე, დარბაზში ჩემი ძვირფასი მაყურებლის გარეშე არაფერი ვარ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ უზომოდ მიყვარხართ და სულმოუთქმელად გელით 21 აპრილს ჩვენს სოლო კონცერტზე“ – აღნიშნავს ვირტუოზი.

ბილეთების შეძენის მსურველებს შეუძლიათ გახსნან ბელა ბერკემერ-მახარაძის ონლაინ-გვერდი და შეიძინონ ბილეთები, ან მიაკითხონ კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებს.

ოჯახურ ტრიოს, მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძის, კომპოზიტორის, პიანისტისა და დირიჟორ უვე ბერკემერისა და მათი ქალიშვილის ნინა ბერკემერის მონაწილეობით ქართველი მსმენელი პირველად 21 აპრილს მოუსმენს.

მსგავსი თემები