„ვინც პარლამენტში შხამი დაასხა, ის შაჰიდის ღილაკსაც დააჭერს თითს“ – გოგა ხაინდრავა პარლამენტში მომხად ფაქტზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ფაქტს ტერორისტულ აქტს უწოდებს და ამბობს, რომ ის, ვინც პარლამენტში საწამლავი დაასხა, შაჰიდის ღილაკზეც თითის დამჭერია. აღნიშნული განცხადება ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ეს არის პოლიტიკური შაჰიდიზმის წინაპირობა. ფაქტი, რომელიც პირდაპირ მეტყველებს, რომ შაჰიდები გაჩნდნენ ჩვენთან და ისინი არიან ქალბატონი ნადირაშვილი და ქალბატონი ქებურია. ის, რაც მათ გააკეთეს, ეს არის პირდაპირი ტერორისტული აქტი. ადამიანი, რომელიც გადააბიჯებს თავის თავში იმას, რომ შხამი დაუსხას თავის კოლეგებს, ის ღილაკსაც ხელს დააჭერს“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მან არ გამორიცხა, რომ დეპუტატ ლელა ქებურიას შესაძლოა, არც სცოდნოდა რა სითხეს ასხამდა პარლამენტში, თუმცა, მისი თქმით, ეს იყო პარტიული დავალება რაზეც ის წავიდა.

„სერიოზული სამუშაო და კვლევა მაქვს ამ თვალსაზრისით გაკეთებული. ძალიან მაინტერესებდა ფსიქოლოგია იმ ადამიანების, ვინც აჭერს თითს შაჰიდის ქამარს და ფეთქდება თვითონაც და აფეთქებს მის გარშემო. საინტერესოა, როგორ ხდება, რომ ასეთ რამეს სჩადიან. პარტიული დავალებით, შხამს რომ დაასხამ იქ, სადაც თავადაც იმყოფები, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ ბოლშევიკი, ზღვარგადასული მორწმუნე და ადრე თუ გვიან, ხელს დააჭერ, თავსაც აიფეთქებ და და საზოგადოებასაც ააფეთქებ.  ეს იყო საზოგადოების აფეთქება. მსგავსი რამე არ ახსოვს საქართველოს ისტორიას ბოლშევიკების მერე. მხოლოდ ბოლშევიკები აკეთებდნენ ამას და დღეს ეს გააკეთეს „ნაც. მოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოების წევრებმა“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, მან გავრცელებული კადრები შეისწავლა და დასკვნა მარტივია, რომ შხამი პარლამენტში დეპუტატმა ქებურიამ დაასხა.

„ის, რომ ეს ქალბატონი ქებურიას დასხმულია, ეჭვია არ მეპარება. ვნახე მე კადრები, ნელა გავუშვი და გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს ჩაიდინა ქალბატონმა ქებურიამ, რომელშიც ხელს უწყობდა ქალბატონი ნადირაშვილი. ეს ჩანს კადრებში…  ეს ნივთიერება იყო შხამი. ამ ქალბატონმა, დარწმუნებული ვარ, არ იცოდა ბოლომდე რა ნივთიერება ჰქონდა, რადგან ის ქიმიკოსი არ არის..  მან დავალება შეასრულა. მას უთხრეს, რომ ის დაესხა და დაასხა კიდეც. ასევე წარმატებით  დაასხამდა ციანიდს, დარიშხანს და რასაც დაავალებდნენ იმას“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მსგავსი თემები