“ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში” – ბიძინა ივანიშვილი

“დღევანდელობის ცინიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში, მათ მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე, ღონისძიებაზე „საქართველოს გზაზე ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი, ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ. დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში. ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩა, გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო  – სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან; ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.

დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ, მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი „ქართული ოცნება“, ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები