“ვინც ბრუნდება მაღალი რისკის არეებიდან და საზღვარზე არაფერი დაუფიქსირდებათ, ორი კვირა თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან კორონავირუსის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან, მოუწოდებს საზღვარზე სიმპტომების არდაფიქსირების შემთხვევაში, ორი კვირის განმავლობაში იყვნენ თვითიზოლაციაში.

„მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა საზღვარზე, რომ გამოვლენილიყო რისკის ზონიდან მომავალი ადამიანებს თუ ქონდათ დაავადების რაიმე ნიშნები. 1600-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა. ანალიზები დასრულდა საღამოს. ჯერჯერობით არ დამატებია არც ერთი დადასტურებული შემთხვევა. კვლავ სამი ადამიანია საქართველოში ახალი კორონავირუსით დადასტურებული. ჩვენი ერთადერთი თხოვნა იქნება, ვინც ბრუნდება მაღალი რისკის არეებიდან და საზღვარზე არაფერი დაუფიქსირდებათ, ორი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად იყვნენ თვითიზოლაციაში, რათა თავიანთი ახლობლების და საერთოდ, ადამიანების ჯანმრთელობა არ დააყენონ რისკის ქვეშ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, დღეიდან საკარანტინო კლინიკებს გორის სამხედრო ჰოსპიტალიც დაემატა, რომელშიც საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანენ ადამიანებს.

„დღეს უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაემატა იმ კლინიკებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. ასე, ეტაპობრივად, იმისდა მიხედვით, რა საჭიროება იქნება, კიდევ მოხდება იმ დაწესებულებების გამოთავისუფლება, რომელშიც შესაძლო ავადმყოფები შეიძლება, განთავსდნენ“, – დასძინა პაატა იმნაძემ

მსგავსი თემები