“ვიმედოვნებთ, არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც სხვა მედიასაშუალებების შემთხვევაში მოხდა” – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ტვ პირველზე” განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება. ქარტია იმედს გამოთქვამს, რომ ამ შემთხვევაში მაინც დადგინდება დამნაშავის ვინაობა.

განცხადებას, რომელსაც ორგანიზაცია საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს, “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი შემთხვევა. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, “გურიანიუსის” შემთხვევაში მოხდა.

მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა “ტვ პირველმა” შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება. აუცილებელია, დროულად აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემა და უზრუნველყოფილი იყოს არხის შეუფერხებელი ფუნქციონირება,” – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

“ტვ პირველზე” კიბერ შეტევის განხორციელების შემდეგ, არხი სრულფასოვნად ფუნქციონირებას ვერ ახერხებს. ტელევიზიას დაკარგული აქვს წვდომა მთავარ სერვერზე, ვიდეოარქივსა და ყველა იმ ვიდეომასალაზე, რომელსაც არხი უკვე ხუთი წელია აგროვებს. ამ დროისთვის არხის მხოლოდ პირდაპირ  ჩართვებს ახორციელებს.

გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 224 -ე და 286-ე მუხლებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას გულისხმობს. 


მსგავსი თემები