ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხე ორივე მხრიდან რეალურია – “ქართული მარში” არჩევნებზე 

მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური  დესტაბილიზაციის უდიდეს საფრთხეს შეიცავს. ქვეყანაში ძალადობრივი პროცესები საფრთხე არსებობს როგორც ხელისუფლების, ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან.

​გარკვეული ინფორმაციები გვაქვს, რომ ყველა მხრიდან ჯგუფები ემზადებიან ძალადობრივი აქტებისთვის, ამ ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ მეორე ტურისთვის მოვხსნათ ბოიკოტი და აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო პროცესში. ასევე, ხელისუფლება ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის, რომ პოლიტიკოსები გასწიონ გვერდზე და არჩევნების ჩატარება ძალოვანებს ანდონ”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ დღეს “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, “ქართული მარშისთვის” მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. მაგრამ, ასევე, მიუღებელია  დემოკრატიული პროცესების გადაცდომა “ქართული ოცნების” მხრიდან.

“ასეთი ქმედებები ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს, ამიტომ მივმართავთ “ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, თუ სურს არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჩვენი მხარდაჭერა მიიღოს, რომლის კანდიდატურაც ჩვენთვის მიუღებელია,  საჭიროა 2 მოთხოვნის შესრულება, – პარლამენტიდან გაიწვიონ “მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი” და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, – აცხადებს “მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

მისივე ინფორმაციით, მათი მოთხოვნების შესახებ ოფიციალური წერილი შევა, როგორც ქვეყნის პარლამენტში, ასევე, მთავრობის კანცელარიაში.

​​როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, “ქართულმა მარშმა” არჩევნების პირველ ტურს ბოიკოტი გამოუცხადა და ქვეყნის რეგიონებში თავიანთ 10 ათასობით მომხრეს მოუწოდეს არ მისულიყვნენ არჩევნებზე. საბოლოოდ  არჩევნებზე არ მივიდა მოსახლეობის 60%-ზე მეტი. მათ უარი უთხრეს “ქართულ ოცნებას”.

” გუშინ შედგა “ქართული მარშის” გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ “ქართული მარშისა” და “ქართული მისიის” სათათბიროს წარმომადგენლები, ასევე, სამეგრელოს რეგიონიდან ჩამოსული მოძრაობა “ეროვნულების” წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მხარდამჭერებს წარმოადგენენ. 200-კაციანი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა და არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება. სამეგრელოს რეგიონში ყველა წინა არჩევნებში მოძრაობა “ეროვნულები” წარმმართველი ძალა იყო. ეს ძალიან ძლიერი ორგანიზაციაა და დღემდე აქვთ ლოკალური გამარჯვებები რეგიონში. ძირითადი საარჩევნო ბირთვი გადის ამ ძალაზე, ისინი დღეს ელოდებიან ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩვენ კი ჩვენის მხრით ველოდებით “ქართული ოცნების” პასუხს”, – აცხადებს “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია.

მისივე შეფასებით, არჩევნების პირველ ტურში მარცხის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” გაითავისა შეცდომები, რაც აძლევთ იმის იმედს, რომ შემდგომში უფრო კონსტრუქციულად განვითარდება საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

როგორც ​კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, მათი მხრიდან “ქართულ ოცნებასთან” მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის.

მსგავსი თემები