თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეთა გაფიცვის მეორე დღე – რა ვითარებაა ქალაქში


თბილისის მიწისქვეშა ტრანსპორტი უკვე მეორე დღეა პარალიზებულია. მეტროპოლიტენის მემანქანეები, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას განაგრძობენ, დედაქალაქის ერია კი კომპრომისზე წასვლას არ გეგმავს, იმ არგუმენტით, რომ მემანქანეების ხელფასების 45%-იანი ზრდა მგზავრობის საფასურის გაძვირებას ნიშნავს.  

მგზავრების ტევა აღარ არის მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში. თბილისის მერიამ მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით 2 დროებითი მარშრუტი – მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე და მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე დაამატა.

​თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მეტროს მემანქანეების გაფიცვის დასრულებამდე მუნიციპალური ავტობუსები დედაქალაქის მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.  

​არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი” გიორგი ბაბუნაშვილი, მიიჩნევს, რომ ​მემანქანეებთან მუქარის ტონით საუბარი კარგს არაფერს მოიტანს, ქალაქი კი ასეთ რეჟიმს დიდი ხნით  ვერ გაუძლებს.

“არ შეუძლია ყველას დღეში ათეულობით ლარი იხადოს ტაქსიში და ვერც რამდენიმე დამატებული ავტობუსის მარშრუტი უშველის ამას. გაჩერდება ყველაფერი და მერე მიხვდებით, რომ ქალაქი რეალურად უბრალო მშრომელ ადამიანებზე და არა ჩინოვნიკებზე დგას. დაელაპარაკეთ ამ ადამიანებს ღირსეულად, აუხსენით რა შეგიძლიათ და რა არა, ტყუილების და მუქარის გარეშე. არა მგონია ვერ შეძლონ გაგება და არ დაგიფასონ გულწრფელი მიდგომა. სიტუაციების უმეტესობიდან არსებობს გამოსავალი თუ მოვინდომებთ”, – მიმართავს გიორგი ბაბუნაშვილი თბილისის მერიას.

მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვას სოციალური ქსელით გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და განაცხადა, რომ მეტროს გათიშვა ბიუჯეტს დღეში 350 000 ლარი უჯდება, 180 თანამშრომლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი მაქსიმუმ 648 000 ლარია საჭირო წელიწადში.

“ვინმემ დაუთვალეთ, რომ უკვე იმაზე მეტს ვზარალობთ 2 დღეში, ვიდრე მოთხოვნების დაკმაყოფილებისას წელიწადში!”,- წერს ხაბეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
გაფიცულ მემანქანეებს თბილისის მერი გუშინ  შეხვდა, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. მანამდე გამართულ საგანგებოდ ბრიფინგზე კი, კალაძემ მეტროპოლიტენის მემანქანეთა ხელფასები გაასაჯაროვა, რაც მისი თქმით, გაცილებით მეტია პედაგოგის, პატრულის, სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და მაშველების ხელფასზე და 1400 -დან 1800 ლარს შეადგენს.

 

 

მსგავსი თემები