“ვთხოვ, რომ მეუფე დარჩეს აქ“ – მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიაში დარჩენას სთხოვს

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ამავე ეპარქიის აწ უკვე ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს ეპარქიაში დარჩენას სთხოვს. ამასთან, მეუფე გრიგოლის თქმით, იქ დარჩენა სხვა სასულიერო პირებს, სურვილისამებრ შეუძლიათ.

“მე მარტო ვერ შევძლებ. მე ვთხოვ, რომ მეუფე დარჩეს აქ”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

როგორც მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მეუფე პეტრე მას ეპარქიის გადაბარებაში დაეხმარება.

“ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი რჩება. გვეხმარება გადაბარებაში. ამ ეპარქიაში ძალიან ბევრია გაკეთებული, კიდევ უნდა გაკეთდეს და ჯერ რჩება. დაასრულოს მშენებლობა. მამებსა და დებს თუ სურვილი აქვთ, დარჩებიან. დასჯილი არავინ იქნება. აქ, ყველა დროებით ვართ და სოხუმში, ოჩამჩირეში დაბრუნებისთვის ვემზადებით“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით, ჭყონდიდის ეპარქია დიდი ეპარქიაა, რომლის გადაბარებასაც შესაბამისი დრო სჭირდება.

„ბევრი მონასტერი და ბევრი მეურნეობაა. მე არ ვარ არც ეკონომისტი და არც იურისტი. მეუფეს, უბრალოდ, ეს საქმე ეხერხება. გადაბარებას დიდი ხანი სჭირდება“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების განცხადებას, მეუფე გრიგოლი ამბობს:

„ნერვიულობენ, ზოგი არის მეუფის გაზრდილი და ძალიან განიცდის, მაგრამ ბერის საქმე მორჩილება და სულიერი აღზრდაა. ახლა შევხვდი სასულიერო პირებს. არავინ მიდის“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი თემები