ვეტერანი ფეხბურთელები “ქართულ ოცნებას” საგოლე პასს აწვდიან  

ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ძოძუაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიაში ერთვება და ამით სურს საგოლე პასი მიაწოდოს მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” და ყველა იმ ადამიანს, ვისაც საქართველოში ჯანმრთელი ერი სურს.

​საგოლე პასი მინდა მივცე ამ მთავრობას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯანმრთელი ერი და დიდი ფეხბურთი უნდა”, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

​მისივე თქმით, ვეტერანი ფეხბურთელები, რომელსაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა “ჩარეცხილები” უწოდა, მხოლოდ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის წყალობით დარჩნენ სამშობლოში და მისი დამსახურებაა, რომ მათ უცხო ქვეყნებში არ მოუწიათ სიბერის გატარება.

” ჩვენ დიდ დროს ვატარებთ ხალხთან. ვართ ახალგაზრდებში, გუნდებში, გულშემატკივრებში. ძალიან დიდ აუდიტორიას ვუყვარვართ და გვინდა მათთან, რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ. რაც მთავარია გვინდა ვიყოთ იმ გეგმაში, რასაც ფეხბურთი ჰქვია. ძლივს მოვიდა ისეთი მთავრობა, რომელმაც სპორტსმენებს, ხელოვნებას და ფეხბურთსაც მიხედეს. მაშინ როდესაც, “ნაციონალურიმ მოძრაობის” დროს ნებისმიერ რაიონში იყიდებოდა სტადიონები, იმიტომ, რომ მშენებლობაში ფული გაეკეთებინათ და ის მომავლის მშენებლობა, რასაც ჰქვია ახალგაზრდა ფეხბურთელის გაზრდა სტადიონზე, არ აინტერესებდათ. ამ ადამიანებმა არ იციან სპორტი და ხელოვნება რამხელა ჯანმრთელობაა ერისთვის და რა დიდი მატერიალური დოვლათი შემოდის სახელმწიფოში აქედან გაქცეული ხალხით კი არა, არამედ სპორტიდან”, – აცხადებს რევაზ ძოძუაშვილი.

მისივე თქმით, სპორტის განვითარებაში თანამედროვე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ხარჯავს დიდ თანხებს, მაშინ, როდესაც საქართველოში, წლების წინ სტადიონები იყიდებოდა. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი კი აცხადებს, რომ ფეხბურთს დაფინანსება უნდა მოუხსნას და ამით პენსიები გაზარდოს.

“რამდენი გაზარდა საქართველომ დიდი ფეხბურთელები? ჩვენზე უკეთესები კიდევ მოდიან და იმათ გადავუკეტოთ გზა? – რა პენსიები უნდა მივცეთ ხალხს, როცა ფეხბურთზე ამხელა ბიუჯეტია გამოყოფილიო, – ამას ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მეუღლე ჰყავს ხელოვანი და ძალიან კარგად იცის, რომ 6-7 საათიანი შრომა წარმატებისთვის არაფერია და რომ ამ სფეროში ფული უნდა დაიხარჯოს, ხოლო შემდეგ 10-ჯერ მეტი შემოდის უკან. ამხელა ცხოვრება გამოვიარეთ, ნაციონალები მოვიდნენ და, – ჩავრეცხოთ ესენი, კომუნისტების გაზრდილი სპორტსმენები ჩვენ არ გვინდაო. რა არ გვიწოდეს. გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, ნორმალური პენსიები დაგვინიშნა და გვეცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. ეს კაცი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ჩვენც ჩვენი სიბერე უცხო ქვეყანაში გაგვეტარებინა”, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ძოძუაშვილმა “მთავარში“.

იგი მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს და მიაჩნია, რომ მისი გაპრეზიდენტება დღეს, კარგი არჩევანი იქნება ქვეყნისთვის.

მსგავსი თემები