“ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ მამალაძის საქმეზე” – პრეზიდენტი

რეზიდენტმა ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ შეიწყალა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დეკანოზის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებას ემსახურება.

“რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის გახმაურებულ საქმეს. აქაც მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზირებამ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს, პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას გულისხმობს.

თუმცა, მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება.

ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნება, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ასევე საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთ დანაშაულში მსჯავრდებული პირის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიაზრებს. დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელწიფოს მომავალს,” – განმარტა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის შეფასებით, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა მისთვის საქართველოს ხელყოფას ნიშნავს.

“ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან. ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას, ამდენად მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია.

ჩემი, როგორც პირადი, ისე როგორც პრეზიდენტის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, პიროვნებისა, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინების და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში, ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქათველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა, სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა,” – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღვანდელ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა.

https://mcm.ge/http-mcm-ge-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%93-%e1%83%ae%e18/?fbclid=IwAR0HXXfEYon1J1SxhkmANUuNA-J5l0xnjPSKk6M1s9ID0umSw9PlMxOOdhM

მსგავსი თემები