„ვერ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია, თუმცა ფავორიტი თამარ ჟვანიაა“ – ლადო ბოჟაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე კანდიდატების არათანაბარ გარემოზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოქმედი თავმჯდომარე პრივილეგირებულ გარემოში იმყოფება. – აღნიშნული განცხადება ბოჟაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ვერ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია, თუმცა სამი კანდიდატიდან ფავორიტი თამარ ჟვანიაა, რადგან ის მოქმედი თავმჯდომარეა. გარდა ამისა, ის 5 წელი ხელმძღვანელობდა საარჩევნო ადმინისტრაციას და ბევრი ადამიანი, მათ შორის კომისიაში, მისი რეკომენდაციითაა მისული. აქედან გამომდინარე, თანაბრობაზე ვერ ვისაუბრებთ“ – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციას დღეს არაერთი პრობლემა გააჩნია. მათ შორის, 3 პრობლემა შედარებით მწვავეა: „ძირითადი პრობლემა – ასიათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილების შესაძლებლობა არ აქვს. მათ არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობა უნდა შეეძლოთ; მეორე პრობლემაა ამომრჩევლის იდენთიფიცირება. შესაძლებელია, საარჩევნო უბნებზე ისეთი ტექნოლოგიების დამონტაჟება, როცა თითის ანაბეჭდი ერთიან სისტემაში ხვდება და შეუძლებელია ხმის რამდენჯერმე მიცემა; მესამე – სუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის დაბალი დონე. მაგალითად, ძალიან ხშირია ელემენტარულ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები“.

ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით აუცილებელია, კომისიის წევრები იყვნენ სერთიფიცირებულნი. თუ ცესკოს თავმჯდომარე კომისიამ ვერ დაამტკიცა, პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადავა. თავმჯდომარის არჩევას კი კომისიის 8 ხმა სჭირდება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს. ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია.

მსგავსი თემები