“ვერც ერთ შემთხვევაში ელჩების თანდასწრებით, ვერც ერთი მმართველი პარტია ვერ გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ის უნდა ჩაერიოს უკანონოდ სასამართლოს საქმიანობაში” – ირაკლი კობახიძე

გვინდა, ელჩებს ვთხოვოთ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო შეთანხმების შინაარსი, იყო თუ არა შეთანხმების შინაარსი უკანონოდ ჩარევა სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებში, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ყოველგვარ ზღვარს ცდება და მმართველი გუნდი იძულებული გახდა, თემაზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.

ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, ახლა ელჩებისგან ელოდებიან პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რაში იყო რეალურად საქმე.

„არჩილ თალაკვაძემ განმარტა ჩვენი პარტიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ოპოზიცია გვეუბნება რას, ოპოზიცია გვეუბნება, რომ თითქოს ჩვენ ელჩების თანდასწრებით მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ უკანონო ჩარევა უნდა განგვეხორციელებინა, როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურის და ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილებებში. ამას გვიმტკიცებს ოპოზიცია და ოპოზიცია აცხადებს, რომ ამას მშვიდად უყურებდნენ ელჩები იმ ქვეყნების, რომლის ქვეყნებიც თვითონ აძლევენ მაგალითს სხვა ქვეყნებს სამართლის უზენაესობის კუთხით. ეს არის ისეთი აბსურდი, რომლის მტკიცება უბრალოდ არ ვიცი, ყველანაირ ზღვარს სცილდება.

აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებული ვიყავით დაგვეფიქსირებინა ჩვენი მკაფიო პოზიცია. ბუნებრივია, ვერც ერთ შემთხვევაში ელჩების თანდასწრებით, ვერც ერთი მმართველი პარტია ვერ გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ის უნდა ჩაერიოს უკანონოდ სასამართლოს საქმიანობაში, პროკურატურის საქმიანობაში და პრეზიდენტის საქმიანობაში. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რასაც ამტკიცებს ოპოზიცია, და ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ახლა ველოდებით პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რაში იყო რეალურად საქმე. ეს არის ჩვენი თხოვნის არსი და ჩვენ გვინდა ყველას ვთხოვოთ, ჩვენ გვინდა ელჩებს ვთხოვოთ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო შეთანხმების შინაარსი. იყო თუ არა შეთანხმების შინაარსი უკანონოდ ჩარევა სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებში“,- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს თხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

მსგავსი თემები