„ვენეციის კომისიას სულ რამდენიმე შენიშვნა აქვს“ – მამუკა მდინარაძე

„მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას სულ რამდენიმე შენიშვნა აქვს. არ ვფიქრობ, რომელიმე ისეთი განსაკუთრებულია, რომ მისი გათვალისწინება არ შეიძლებოდეს“, – ამის შესახებ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია, სულ რამდენიმე შენიშვნაა.

„გამოცდის მოხსნასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან შეიძლება ეს საკითხი სხვანაირად შემოწმდეს და გადამოწმდეს. ამხელა პროცედურა სწორედ ამისთვისაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენი თანამოაზრეებიც განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ, მაგრამ ვფიქრობ, გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ, რომ გამოცდა არ უნდა იყოს. ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლის გაზიარებაც ჩვენი ერთ-ერთი პირობა იყო. ვთქვით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდ ნაწილს გავითვალისწინებთ და ეს ასეც უნდა მოხდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება.

კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

მსგავსი თემები