“ვბრუნდები იქ, საიდანაც მოვედი” – რატომ გადადგა მერის მოადგილე

თბილისის მერის უკვე ყოფილი მოადგილე სოფო ხუნწარია ამბობს, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და საქმიანობას ისევ “არტარეაში”  გააგრძელებს.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ის მადლობას უხდის თბილისის მერს კახა კალაძეს მიცემული შესაძლებლობისთვის.

“ძალიან ბევრი მირეკავს, მწერს და ათას ვერსიას ვისმენ მეგობრებო. ხდება ხოლმე ასეც, როდესაც პირადი განცხადების საფუველზე მიდიან ადამიანები თანამდებობიდან და სხვა რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს. კოლეგებს ბოდიში, რომ მათ ზარებს არ ვპასუხობ (ჟურნალისტებს ვგულისხმობ) მაგრამ გთხოვთ რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია. მე ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო. არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ და წუწუნს იწყებენ რიგ საკითხებზე. ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი. არტარეაში დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქვე გეტყვით, რომ ორ წელიწად ნახევრის მანძილზე ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მადლობა კახის, რომ მომცა ამის შესაძლებლობა და, რომ გვერდში მედგა საქმეში.

ჩემთვის ეს წლები დაუვიწყარი იქნება და იმ ძირითად სფეროს, რომელსაც ვკურირებდი არ ვუღალატებ. ხვალ უკვე ყველა პროექტს ჩამოვთვლი რაც გავაკეთე და რასაც ვტოვებ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი, რომელიც დღეს მერიაშია ყველაფერს გაუმკლავდება.

მიყვარხართ და ყველაფერი კარგად იქნება” – წერს სოფო ხუნწარია.

მსგავსი თემები