ვახტანგ ყოლბაია რუსლან აბაშიძემ შეცვალა

აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ვახტანგ ყოლბაია რუსლან აბაშიძემ შეცვალა. როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიასთან საუბარში ამბობს,  რუსლან აბაშიძეს საინტერესო გზა აქვს გავლილი. აქვს დიპლომატიაში მუშაობის მდიდარი გამოცდილება, რასაც ის იმ კონფლიქტის განეიტრალებას მოახმარს, რომელსაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობა ქვია.

„პირველ რიგში, გეტყვით რომ ვახტან ყოლბაია წლების განმავლობაში იმიტომ იყო მოვალეობის შემსრულებელი, რომ არ იყო გაწერილი თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა არც ჩვენი კონსტიტუციით და არც კანონში. სხვათაშორის, ამ დღეებში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ მომავალი თავმჯდომარე – რუსლან აბაშიძე დაინიშნოს უკვე თავმჯდომარედ და არა მოვალეობის შემსრულებლად”, – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

მისივე ინფორმაციით, კანონმდებლობით ვახტანგ ყოლბაიას აქვს უფლება, მას შემდეგ, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობას ოფიციალურად შეწყვეტს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დეპუტატის მანდატი დაიბრუნოს.

ვინ არის რუსლან აბაშიძე? – ის ხუთი იანვრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. 2013-2014 წლებში რუსლან აბაშიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი – 2009-2013 წლებში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებში იგი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან, კონკრეტულად კი გაგრიდან დევნილია.

„ნაციონალურ მოძრაობის“ ინფორმაციით, რუსლან აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებული პირია და საარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი იყო, მან სალომე ზურაბიშვილს 59 958 ლარი გადაურიცხა. პარტიის წევრები იხსენებებ მასთან დაკავშირებულ 2018 წლის სკანდალს.

„ის კომპანია “Tbilisi Hills Golf & Residences”-ის ხელმძღვანელობდა მას ბრალს სდებდა დიდი ოდენობით  თანხის მითვისებაში. ამ ფაქტზე კი პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. 2018 წლის აპრილის თვემდე აბაშიძე ამ ესტონური კომპანიის კომპანიის დირექტორი იყო და სწორედ ამ პერიოდში დაატოვებინეს თანამდებობა. კომპანიის წარმომადგენლებმა კი აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის საამრთლებრივი დევნის დაწყება მოითხოვეს. ფინანსურ თაღლითობასთან ასოცირებული ადამიანები „ქართულ ოცნებას“ არ უკვირს. ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, როცა სურთ ვინმე მისიანი დანიშნონ პოსტზე,“ – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან, კონკრეტულად კი გაგრიდან დევნილია. აბაშიძის მეუღლე ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ჩხეიძეა.

შეგახსენებთ, ვახტანგ ყოლბაიას თავმჯდომარედ დანიშვნას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ამიტომ, ის 2013 წლიდან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

მსგავსი თემები