ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში კონტრშეტევისთვის მოვემზადებით – რევაზ ძოძუაშვილი 

ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ძოძუაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში კვლავ დაიწყება შეტევა სპორტზე, გაიყიდება სტადიონები, დაფინანსება შეუმცირდება ფეხბურთს და სფერო, რომელმაც რამდენიმე წელია წინ წამოიწია, კვლავ ჩაკვდება.

როგორც ცნობილმა ფეხბურთელმა რევაზ ძოძუაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში ქვეყნის ყველა რეგიონში იყიდებოდა სტადიონები და მწვრთნელებს ტყე-ტყე უწევდათ სპორტსმენების სავარჯიშოდ ტარება.

​მისივე თქმით, ფეხბურთი ერთ-ერთი დიდი პოლიტიკაა და თუ მწვრთნელს გაუბედურებულ გუნდს ჩააბარებენ, მას 1-2 წელი არ ეყოფა იმისთვის, რომ ის კვლავ ფორმაში მოიყვანოს. წარმატება დიდი შრომისა და ბევრი წვალების შედეგად მიიღწევა.

​​ფეხბურთი ერთ-ერთი დიდი პოლიტიკაა. ჩავარდნილ, გაუბედურებულ გუნდს ჩააბარებენ მწვრთნელს და ერთ წელიწადში გააკეთე ყველაფერიო, – ასე არ არის. გაუბედურებული გუნდი პირველ ადგილზე რომ გაიყვანო ამას დიდი შრომა და ბევრი წვალება სჭირდება. ნაციონალებს უნდათ დაბრუნდნენ ისევ, ჩამოგვაცილონ სპორტს, ფეხბურთს და მოიყვანენ მერე ვინმეს, სულ ერთია მათთვის ვის. დღეს უკვე ჩანს, რომ სპორტმა წინ წაიწია, ჯანმრთელი ერი გვყავს. ამას მე ყველასთან ვამბობ, რომ ბევრი რამ სასიკეთო გაკეთდა ქვეყანაში “ქართული ოცნების” დროს. თუ რომელიმე სფეროში იყოს შეცდომები, იმასაც გამოასწორებენ”, – აცხადებს ძოძუაშვილი.

​ვეტერანი ფეხბურთელი პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს ურჩევს, სანამ ფეხბურთისთვის დაფინანსების შემცირებას დააპირებს, თავის მეუღლეს ჰკითხოს, ხელოვნებასა და სპორტში რამხელა შრომის ფასად აღწევენ ადამიანები წარმატებას.

​​რევაზ ძოძუაშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ისინი კონტრშეტევისთვის მოემზადებიან, რადგან წინასწარ იციან ვაშაძის გეგმების შესახებ, რომ ფეხბურთს დაფინანსებას გაუნახევრებს.

“მერე წავიდეთ ფეხბურთელები გლადიატორებად და როგორც მაგათ დროს ვაკეთებდით, სადღაც ტყეებში ვავარჯიშოთ სპორტსმენები, იმის გამო, რომ სტადიონები გაგვიყიდეს. ბრძოლა, რომ კარგი ვიცით და არაფეს დავთმობთ, მაგასაც დავანახებთ. არ წახვიდეთ მსოფლიო პირველობაზე, არ წახვიდეთ ოლიმპიურ თამაშებზე სოჭში, რა უნდათ იქ ჩვენს სპორტსმენებსო. ასე ჩაკლეს ყველა სფერო საქართველოში. ​როგორ მოვიგოთ თამაში, – ეს ვიცით. თავის მეუღლეს მაინც ჰკითხოს ვაშაძემ, რა შრომაა ხელოვნება და სპორტი. ​ნიჭიერი ფეხბურთელები ტოვებენ სპორტს იმის გამო, რომ ოჯახი ფულს ვერ უხდის”, – აცხადებს რევაზ ძოძუაშვილი.

მისივე თქმით, ვეტერანი ფეხბურთელები მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან და აქტიურად ერთვებიან პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში.

მსგავსი თემები