ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავენ

ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი და ვარშავის წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობის საეკლესიო საზოგადოება დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს საზეიმოდ აღნიშნავს.  ამ დღესთან დაკავშირებით ვარშავის უნივერსიტეტის ინიციატივით საქართველოდან პოლონეთში ქართული მიწაც ჩაიტანეს.

როგორც ვარშავის უნივერსიტეტის პოლონეთ – საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის თავმჯდომარემ და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ყოლბაიამ „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ქართული მიწა საჩუქრად მუზეუმს გადაეცემა: „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  საკმაოდ მასშტაბურია. ამ დღესთან დაკავშირებით ანჩისხატის ტაძრის ეზოდან სპეციალურად ქართული მიწა ჩამოვიტანეთ, რომელიც მოთავსებულია ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის სამლოცველოში და ის საჩუქრად ვარშავის ხატწერის მუზეუმს გადაეცემა.“ 

რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და ვარშავის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები და მოწვეული სტუმრების უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან შეიკრიბებიან, შემდეგ ვარშავის აჯანყების მუზეუმში გადაინაცვლებენ, სადაც პატივს მიაგებენ პოლონეთის არმიის ქართველი საკონტრაქტო ოფიცრებისადმი მიძღვნილ მემორიალს, რომელსაც სიმბოლურად 108 წითელი ვარდებით შეამკობენ.

როგორც დავით ყოლბაიამ „მთავარს“ განუცხადა, პოლონეთის არმიაში სწორედ 108  ქართველი ოფიცერი მსახურობდა, აქედან 6 პოლონეთის არმიის გენერალი იყო. ცერემონიის დამთავრების შემდეგ ვარშავის წმ. მღვდელმოწამე,, არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა ჩატარდება, რომელსაც ამავე ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი აღასრულებს. წირვის დამთავრების შემდეგ კი საზეიმო აკადემია შედგება.

დავით ყოლბაიას ინფორმაციით, ,„საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს“ და „პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების სიას“ ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის დირექტორი იან მალიცკი წაიკითხავს. რომლებიც პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის გმირულად იბრძოდნენ. საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი კი მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წელი და საქართველოს მომავალი”.

ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ჰენრიკ პაპროცკი ისაუბრებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ისტორიულ მნიშვნელობაზე, დავით ყოლბაია ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი -„საქართველოს წარსულზე, ქართველ მეფეებსა და ეროვნულ გმირებზე ისაუბრებს. შემდეგ მოხსენებით წარდგება პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი და „საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას“, საქართველოს სათვისტომოს სახელით სიტყვით გამოვა ქართველი რეჟისორი კონსტანტინე ციციშვილი, ხოლო ქართველი სტუდენტების სახელით ვარშავის უნივერსიტეტის ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდიანტი ივანე კოპაძე.

ღონისძიება 09:00 საათზე გაიხსნება და დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოწვეულ სტუმრებს საზეიმო აკადემიის დამთავრების შემდეგ ქართული ღვინით საქართველოს საელჩო გაუმასპინძლდება. ღონისძიება პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით იმართება.

 

მსგავსი თემები