ე.წ ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქცია იწყება


თბილისის სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზა გამტარის, ე.წ ვარკეთილის ხიდების აღდგენა – რეკონსტრუქციის სამუშაოები იწყება და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტზე 1 581 600 ლარი დაიხარჯება. ​

პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ახლის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს. ძირითადი კონსტრუქციის აღდგენის შემდეგ, დაიგება ასფალტის ახალი საფარი.​

​როგორც “მთავარს” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, სამი თვის განმავლობაში, საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით და საავტომობილო მიმოსვლა გადაერთვება საპირისპირო მიმართულებაზე და მოძრაობა გახდება ორმხრივი.

სამუშაოების წარმოების მეორე ეტაპზე შეზღუდვა იმოქმედებს აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ მიმართულებაზე და საპირისპირო მიმართულება გახდება ორმხრივი.

ხიდის რეკონსტრუქციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის დაკვეთით  კონტრაქტორი კომპანია„პასაჟი საქართველო“ აწარმოებს.

როგორც დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ვარკეთილის ხიდები ათეულობით წელია ექსპლუატაციაშია და მათი რეაბილიტაცია აქამდე არ განხორციელებულა.

მისივე ინფორმაციით, პროექტი ეფუძნება კვლევას, რომლითაც შეფასდა ხიდების ტექნიკური მდგომარეობა და დადგინდა აღდგენითი სამუშაოების საჭიროება.
​როგორც წელს, ისე მომდევნო წლებში კიდევ არაერთი ასეთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის თქმით, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, პროექტის განხორციელების პროცესში, თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმუშავებს.

მსგავსი თემები