ვარაზისხევში მეწყრის საშიშროება არსებობს – სპეციალისტები მშენებლობის აკრძალვას ითხოვენ  

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა დასრულებულია. დასკვნის თანახმად, სტიქიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად, მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდობზე მშენებლობები უნდა აიკრძალოს, ხოლო უკვე აშენებული შენობების დასაცავად სპეციალური, ფერდობის გასამაგრებელი, საინჟინრო ნაგებობები მოეწყოს.

როგორც „მთავარისთვის“ გახდა ცნობილი, მეწყრული პროცესების გააქტიურების ალბათობა დიდია. მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია, რის გამოც, არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა. ხოლო მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე უხვნალექიანობის გამო დაძრული მეწყრის, ან ღვარცოფის განვითარების შედეგად მოსალოდნელია მდინარის კალაპოტის ჩახერგვა და წყლის ნაკადის გადმოსვლა არსებული ჯებირიდან.
სპეციალისტების განმარტებით, მეწყერი შესაძლოა მიწისძვრამაც დაძრას.

“გეოფიზიკური და ზოგად გეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედა წელში, მდინარის მარცხენა ფერდობზე მეწყრის საშიშროება არ არსებობს, მოსალოდნელია მხოლოდ მცირე მასშტაბის ქვათაცვენები. მარჯვენა ფერდზე არსებული გრუნტი კი არასტაბილურია”, – ასეთია დასკვნის ნაწილი.

როგორც „მთავარს“ სპეციალისტებმა განუმარტეს, ის სახიფათო ადგილებიც ცნობილია, რომელიც წყალმოვარდნისას საშიშროების ქვეშ აღმოჩნდება.  „აუცილებლად მიგვაჩნია მოცემულ ტერიტორიაზე შემდგომი განაშენიანება დეტალური გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევების შედეგების შესაბამისად განხორციელდეს. მაქსიმალურად შეიზღუდოს მშენებლობა მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდობზე. სამომავლოდ შესწავლილ იქნას ფერდობი და განხორციელდეს მონიტორინგი მეწყრული პროცესების თავიდან ასაცილებლად. ამ ეტაპისთვის აშენებული შენობების დასაცავად მოეწყოს სპეციალური, ფერდობის გასამაგრებელი, საინჟინრო ნაგებობები“, – ნათქვამია დასკვნაში.

ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მთის დემონტაჟს მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიაციები დიდი ხანია აპროტესტებენ და მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
მათი შეფასებით, ნადგურდება მთაწმინდისა და კუს ტბის გამყოფი ქედი, ულამაზესი ადგილი დედაქალაქში.

 

მსგავსი თემები