ქვაფენილის ქუჩები ევროპის ქალაქებში მიღებულია – არქიტექტორები ვარაზისხევის პრობლემაზე

​თბილისის მერიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიზნით გამოქვეყნდა კითხვა, ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი უნდა შეიცვალოს თუ არა თანამედროვე, ევროპული ტიპის ასფალტის საფარით. დედაქალაქის მერიის იდეას ინტერნეტმომხმარებელთა უმეტესობა უჭერს მხარს.

“მედიაცენტრი მთავარი” დაინტერესდა სფეროს სპეციალისტების მოსაზრებით და რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.

​არქიტექტორი ვახტანგ დავითაია მიუღებლად მიიჩნევს თბილისში, ვარაზის ხევში არსებული ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლას და მიაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილება არა ემოციურად, არამედ სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად უნდა მიიღებოდეს.

მისივე თქმით, ქვაფენილს თავისი დადებითი მხარე აქვს, განსაკუთრებით ზამთარში, ყინვების დროს უზრუნველყოფს საბურავის მოჭიდებას, უხვი ნალექის შემთხვევაში კი იწოვს წყლის გარკვეულ რაოდენობას.

“ქვაფენილის ქუჩები ევროპის ქალაქებში მიღებულია და გაცილებით ხშირად გამოიყენება ვიდრე ასფალტის.  არ ვიცი ტერმინი “ევროპული საფარი” რას ნიშნავს, ამიტომ ვერაფერს გეტყვით რა უპირატესობა აქვს მას ფილაქანთან შედარებით. სუბიექტური თვალსაზრისით მე, ქვაფენილი მირჩევნია ასფალტს. ირგვლივ, როცა ყველა ქუჩა მოასფალტებულია, ქვაფენილიანი ქუჩა თავისებურ პაუზას ქმნის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით”, – აცხადებს არქიტექტორი და იმედოვნებს, რომ დედაქალაქის მერია ასეთ გადაწყვეტილებას ემოციურად არ მიიღებს.

ვახტანგ დავითაიას განმარტებით, მართალია კოკისპირული წვიმების დროს ქვაფენილიანი გზა გაცილებით ხშირად ზიანდება, მაგრამ მას ეკოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით მეტი ღირებულება გააჩნია.

“ქვაფენილიანი გზა იწოვს წვიმის წყალს, შესაძლოა ძალიან დიდი დოზით არა, მაგრამ მაინც ეშველება ქალაქს. გმირთა მოედანზე არც თუ იშვიათად, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ტბორი დგება. ვარაზის ხევში ასფალტის დაგების შემთხვევაში კი უფრო დიდი ტბორი დადგება. ნუთუ ეს არის უპირველესი პრობლემა ქალაქისა. მგონია, რომ უფრო მგრძნობიარე პრობლემებიც აქვს ქალაქს. არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე, მაგრამ არ მგონია, რომ ეს საკითხი მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ასეთი გამოკითხვის ჩატარება დემოკრატიასთან გათამაშებად მიმაჩნია. ეს უნდა გადაწყვიტონ პროფესიონალებმა”, – აცხადებს ვახტანგ დავითაია.

კოლეგის მოსაზრებას იზიარებს არქიტექტორი ​​ტარიელ ჩიგოგიძე და აცხადებს, რომ ფილაქანს ასფალტთან შედარებით გაცილებით მეტი უპირატესობა აქვს და არ ღირს ვარაზისხევში ქვაფენილის აყრა. ის ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მისაღებია. ​ასფალტი ნავთობპროდუქტია და გაცხელებისას, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე აირს გამოყოფს, გარდა ამისა მოასფალტებული გზის ზედაპირი გლუვია, ვიდრე ფილაქანი და ძალიან ნაკლებია მოჭიდების ძალა.

“ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით გეტყვით, რომ თბილისში ყველა აღმართზე იგებოდა ფილაქანი და არა ასფალტი. გამოცდილება დიდი მადლია, რომელიც საუკუნეებით არის შემოწმებული. სოლოლაკში, ეზოებშიც კი რიყის ქვებს აგებდნენ, აღმართზე მით უმეტეს. ქუჩაზე, სადაც არის მკვეთრი დახრა, არ ღირს ქვაფენილის აყრა. ვარაზისხევში ასფალტს თუ დააგებენ, წვიმის დროს გმირთა მოედანზე წყლის მეტი ნაკადი მოიყრის თავს. ასფალტი წყალს არ აკავებს, ირეკლავს, ბაზალტის ფილაქანს კი შეწოვის უნარი აქვს, ამიტომ გაცილებით უკეთესია ზამთარშიც და ზაფხულშიც. ფილაქნებს შორის შუალედი იწოვს წყალს”, – აცხადებს არქიტექტორი ტარიელ ჩიგოგიძე.

​მისივე თქმით, დროსთან ერთად დაიხვეწა ფილაქნების დაგების მეთოდი. რადგან ფილაქანი პირდაპირ მიწაზე იგება, თანამედროვე ტექნოლოგიით ფილაქნებს შორის კეთდება ბეტონის ტიხრები. სპეციალისტის თქმით, ასეთი მეთოდი სავსებით ლოგიკურია, რადგან ბეტონის დიაფრაგმები უზრუნველყოფს ფილაქნის მდგრადობას.

ფოტო: თბილისი. ვარაზის-ხევი. 1957.
წიგნიდან ‘საბჭოთა საქართველოს არქიტექტურა’. 1958.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები