“ვაჟა გაფრინდაშვილის ირგვლივ მხოლოდ ქვეყნის სრული ერთსულოვნება და პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევა მოიტანს შედეგს” – სალომე ზურაბიშვილი

“ვაჟა გაფრინდაშვილის ირგვლივ მხოლოდ ქვეყნის სრული ერთსულოვნება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევა მოიტანს შედეგს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანებს სასახლეში „ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ შემიძლია, არ გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია, ეს არის გაყოფილი ქვეყანა, საოკუპაციო ხაზი, ოკუპირებული ტერიტორიები და ტყვეობაში მყოფი მოსახლეობა. ეს წარმოადგენს ჩვენს ყველაზე დიდ, ყოველდღიურ და უფრო და უფრო მძიმე გამოწვევას. ვაჟა გაფრინდაშვილის ირგვლივ მხოლოდ ქვეყნის სრული ერთსულოვნება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევა მოიტანს შედეგს და იქნება ასეთი შედეგი. ყველგან და ყოველთვის უნდა დავიცვათ ქვეყნის ინტერესები და წითელი ხაზები, არ აღიარება და არ შეგუება, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იზოლაციას არ გულისხმობს. ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, გავაცოცხლოთ, რათა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა შეხვედრა შეხვედრისთვის, რამეთუ კონფლიქტის გადაწყვეტისთვის ორად ორი გზაა, ან ძალა ან დიპლომატია. ჩვენ ძალის გამოყენებაზე უარი ვთქვით, დიპლომატია კი პატარა ქვეყნის მთავარი ინსტრუმენტია, თქვენ ამ გზის ავანგარდში ხართ და ერთად მეტს უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  „ელჩების კონფერენციის“ მონაწილე ქართველ დიპლომატებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.

მსგავსი თემები