ვანსა და ხონში საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმების დათვლა იწყება

ვანსა და ხოში საარჩევნო უბანები დახურულია.  რეგისტრირებული 6 კანდიდატიდან ყველა გამარჯვების მოლოდინშია. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ გამარჯვებული მათი კანდიდატია, რომელმაც დამაჯერებლად, ხმების 50%-ზე მეტი მოიპოვა.

„ვანსა და ხონში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში ჩატარდა. ჩვენი მონაცემებით, ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად მოიგო. გივი ჭიჭინაძის შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 50%-ს, – განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომ.

შეალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა.  5 წარდგენილი იყო პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი – საინიციატივო ჯგუფის მიერ.

არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია „საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, „ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟრიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ხონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი გორდაძის განცხადებით, მესამე უბნის საარჩევნო გადასატან ყუთთან დაკავშირებით ორი საჩივარი დაიწერა, რაც მცირე ტექნიკური ხარვეზია. როგორც თავმჯდომარემ „მთავარს“ განუცხადა, საბოლოო ჯამში, ხონის მასშტაბით შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

“ერთი საჩივარი ეხებოდა იმას, რომ მესამე უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი იყო დაულუქავი, თუმცა ჭრილი საოლქო საარჩევნო კომისიაში დაილუქა. შესაბამისად განიხილავს კომისია სიტუაციას, თუ რა ბედი ეწევა გადასატან ყუთს ან ამ საჩივარს. ყველა უბანზე ნორმალური სიტუაცია იყო. მხოლოდ მცირედი ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა”, – განაცხადა გორდაძემ.

ცესკოს  ინფორმაციით, საარჩევნო კომისიებში საერთო ჯამში დარეგისტრირდა 5 საჩივარი.  ყველა საჩივარი  პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს ეხება.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

 

მსგავსი თემები