„ვანო მერაბიშვილი არ უნდა გამოსულიყო ციხიდან“ – ლია კრიალაშვილი

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის დას, ლია კრიალაშვილი მიაჩნია, რომ მერაბიშვილი ციხეში უნდა შებრუნდეს, როგორც მოკლული პოლკოვნიკის და აცხადებს, მისი ძმის საქმე პროკურატურაში თაროზეა შემოდებული. ლია კრიალაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  უნდა შებრუნდეს.

„არ უნდა გამოსულიყო ციხიდან. მართლია, რაღაც დანაშაულებებზე მოიხადა სასჯელი, მაგრამ ჩემი ძმის ბრალეულობა არ ჰქონია წარდგენილი. საქმე აღძრულია 2013 წლიდან, პროკურატურაში დევს საქმე, ოღონდ თაროზე და ამ საქმეზე მერაბიშვილი არ გასამართლებულა. ძალიან განვიცდი, რომ ეს კაცი გარეთ გამოვიდა. თვითონ გამოდის, ბედნიერია მისი ოჯახი, დედა ჩაეხუტება თავის შვილს, მეუღლე დახვდება, შვილი დახვდება, ბედნიერები არიან. ვეკითხები – ჩემ დედასაც ხომ უნდოდა თავის შვილთან ჩახუტება და რატომ გაწირა ვანომ ასე, რატომ მოკლა. გიას დედა მთელი 8 წელი ელოდებოდა თავის შვილს, მაინც ეგონა, რომ დაბრუნდებოდა. ასე რომ, ვანოს გამართლება არ აქვს, საერთოდ ამ რეჟიმს არ აქვს გამართლება. მე თუ მკითხავთ, ის იყო 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ამერიკა ტაშს უკრავდა და დემოკრატიის შუქურას ეძახდა. ჩემი აზრით, არ უნდა გამოსულიყო და თუ გამოვიდა, უნდა შებრუნდეს. ხომ ნახეთ დღეს რა განცხადებებიც გააკეთა. ციხის კართან იდგა ჯერ კიდევ და იმას ყვიროდა, ერთ წელიწადში ამ ხელისუფლებას დაამხობდა, კიდევ იმუქრება. ასეთი ადამიანი, ასეთები საშიშები არიან“ ,- განაცხადა ლია კრიალაშვილმა.

ლია კრიალაშვილი ახალ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართავს, მისი ძმის საქმეს ყურადღება მიაქციოს, გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ და ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენონ.

„კატეგორიული მოთხოვნით მივმართავ შოთაძეს, ის მეორედ დაბრუნდა პროკურატურაში და ამ საქმეს მიხედოს, გამოიძიონ, დაამთავრონ და ბოლოს და ბოლოს ვანოს ბრალი წაუყენონ ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩემი ძმა, გია კრიალაშვილი ჩიტი ხომ არ ყოფილა, ამხელა დამსახურება ჰქონდა სამშობლოს წინაშე. 1989 წლიდან იბრძოდა ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და შემდეგ სხვადასხვა ბრძოლებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, პატრიოტი ბიჭი იყო და ავტორიტეტიც ჰქონდა, ასე ხელის მოსმით ვანომ და მიშამ გაწირეს კაცი, მოღალატის სახელით გაისტუმრეს იმ ქვეყნად. ამას ვერასდროს შევეგუები სანამ პირში სული მიდგას და მოვითხოვ პროკურატურისგან, დროზე დაასრულონ საქმე. სავარაუდოდ შევხვდები შოთაძეს და იმედი მაქვს, უარს არ იტყვის შეხვედრაზე .

მერაბიშვილს კი არა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ წევრს არ აქვს აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმის უფლება. ესენი იყვნენ მიცვალებულები, ეყარნენ პოლიტიკურ სანაგვაზე, რატომღაც ჩვენმა ხელისუფლებამ გააცოცხლა და უკვე იმ ზომამდე გაცოცხლდნენ, რომ აქეთ გადმოდიან იერიშზე, ამ ხელისუფლებას ერჩიან, ემუქრებიან დამხობით. არ ვიცი, ვისი დირექტივა იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაცოცხლებულიყო, მაგრამ ხალხის დაკვეთა ეს არ იყო, ხალხმა დაუკვეთა მათ სამართლიანობის აღდგენა და ეს სამართლიანობა ჯერ არ აღმდგარა. ასე რომ, არც ერთ „ნაციონალს“ არ აქვს უფლება,პოლიტიკაში იყოს ჩაბმული, მით უმეტეს ვანოს, ორი გვამის დამკვეთს. კაცი საჯაროდ ითხოვს ორ გვამს და მიიღო მან ჩემი ძმის გვამი. საერთოდ საქარველოში ვერ უნდა ცხოვრობდნენ“ ,- განაცხადა ლია კრიალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

მსგავსი თემები