ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება – თბილისის მერის გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი იწონებს


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაბეშტი” აღარ აშენდება. მერის განმარტებით, ინვესტორი მერიის წინადადებას დათანხმდა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში აღარაფერი აშენდება.

“მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა. მინდა მივულოცო თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა მოვახერხეთ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი აშენდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც ქალაქისთვის მნიშვნელოვან სივრცეს პირველივე დღეებიდან იცავდა. მან მადლობა ასევე, გადაუხადა ინვესტორს, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს მადლობა გადავუხადო, რომელიც პირველივე დღიდან ჩართული იყო პროცესში და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს, იცავდა ჩვენი ქალაქისთვის და თბილისელებისთვის. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო იმ რიგით ადამიანებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე და მაქსიმალურ მხარდაჭერასა და თანადგომას იჩენდა,” – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. იგი თბილისელებს ულოცავს ამ პრობლემის მოგვარებას და მადლობას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოებას პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ვაკის პარკის ტერიტორიაზე გაცემული იყო უვადო სპეციალური ნებართვა, რომელიც ითვალისწინებდა 30-მეტრიან სასტუმროს აშენებას.

მსგავსი თემები