ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია – დავით ჭიჭინაძე

​პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ ამოწურა თავისი რესურსი და გარდაუვალი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ტელეინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, “ქართულ ოცნებას” აღარ გააჩნია ადამიანური რესურსი და არ იცის მოსახლეობას რა შესთავაზოს.

​​რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ჭიჭინაძის აზრით, მეორე ტური გარდაუვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას დასჭირდება არჩევნების გაყალბება.

​​მისივე მოსაზრებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არის “ქართული ოცნების” გამოუვალი მდგომარეობა, რადგან საკმაოდ დიდია “ოცნების” წევრთა სია, რომლებსაც არ სურდათ ზურაბიშვილი პრეზიდენტად.

​საკმაოდ დიდი სია იქნება “ქართულ ოცნებაში” იმ ადამიანების, ვისაც არ უნდა ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ადამიანებს,  რომლებსაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გაპრავება სურთ, პოლიტიკაში დარჩენა ძალიან გაუჭირდებათ. შემდგომ წლებში ამას მათ ისევე გაახსენებენ, როგორც “ნაციონალურ მოძრაობას” იმ 9 წელს ახსენებენ. ვის არ სურდა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად, ეს განცხადება მათ თვითონ უნდა გააკეთონ. ვიცი, რომ მდინარაძე, თალაკვაძე ემიჯნებოდნენ ზურაბიშვილის განცხადებებს. ივანიშვილს თავისი გადაწყვეტილების გამოსაცხადებად პარტიაში ტონის აწევაც არ სჭირდება, ეს ადამიანები ცდილობენ მისი ნაფიქრიც კი გამოიცნონ. “ქართული ოცნების” იმ შემადგენლობას, რომელიც დღეს წარმოდგენილია, ბიძინა ივანიშვილის კეკლუცობაში ვერ დასდებ ბრალს. ​სალომე ზურაბიშვილი გამოუვალი მდგომარეობაა”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები