„ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა არ არსებობდა“ – დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატები სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ და აცხადებენ, რომ ბრალის აბსურდულობის დამტკიცება მათ არ გაუჭირდებათ.

როგორც გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის  ერთ-ერთმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“  განუცხადა, საქმეში, გამომძიებლის მხრიდან ზეწოლის არც ერთი ფაქტი არსებობს და აღნიშნულის დამტკიცება მათ არ გაუჭირდებათ.

„ქალბატონი მარიანა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. დაცვის მხარის პოზიციითა და   სამართლებრივი შეფასებით, უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. პირის დაკავება  ხდება სასამართლო განჩინების საფუძველზე, კონკრეტულ შემთხვევაში პირი დაკავებული იქნა სასამართლო განჩინების გარეშე. თუმცა, გადაუდებელი აუცილებლობა მისი დაკავებისა, სამართლებრივად ნამდვილად არ არსებობდა“ – აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე განცხადებით, გამომძიებლის დაკავება მხოლოდ ერთი მტკიცებულების საფუძველზე მოხდა.

„ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, არ გაგვიჭირდება იმის დადგენა, რომ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.  მოვიძიებთ ყველა იმ ინფორმაციას და იმ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს რომ მარიანას მხრიდან ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია“ – განუცხადა გაგი მოსიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გუშინ, 19 დეკემბერს საავადმყოფოში გაიმართა.

მსგავსი თემები