„ექსპონატების ნაწილი დაიკარგა, პროკურატურაში საქმეა აღძრული“ – ზურაბ გელაძე

საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფი პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანის წანააღმდეგია და აცხადებს, რომ მიზანი მუზეუმის განადგურების ხარჯზე, შენობის ხელში ჩაგდებაა.

როგორც ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ზურაბ გელაძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით, „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, მუზეუმიდან საგანძურის აქეთ-იქით გატანა და რახრახი არ შეიძლება და ამის დასტურია ის, რომ მნიშვნელოვანი ექსპონატები გამქრალია.

„ძალიან მნიშვნელოვანი გათხრების შესახებ მოძიებული მასალის ნაწილი დაიკარგა, პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ, უშედეგოდ. ესე იგი, ჩემგან ტექნოკრატისგან უნდა გაიგოთ თქვენ ასეთი საშინელი ფაქტი? ასეთი შემთხვევები ბევრია. შიგადაშიგ, ჩნდება ასეთი ინფორმაცია. რომელიღაც ქვეყანაში გარკვეული ექსპონატები მიდის, მაგრამ, მოდით, ვნახოთ, იქიდან რა დაგვიბრუნდა. ექსპონატები მიდის, მაგრამ, რა ბრუნდება, არ ვიცით. რაღაცეები იკარგება, საქმე პროკურატურაშია, რეაგირება ნულია – არც საზოგადოების, არც ხელისუფლების“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ გელაძემ.

საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფი მოითხოვს, ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატები კი არ დაანაწევრონ და გაიტანონ, პირიქით, ამ შენობის გაძლიერების გეგმაზე იმუშაონ.

„ჩვენი მოთხოვნაა, მაღალპროფესიონალმა ჯგუფმა, ამ შენობის გაძლიერების გეგმა ორ ნაწილად – კონცეპტუალურად და დეტალურად დაამუშაოს. მიბრძანდით ხელოვნების მუზეუმში და ნახეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი საგანძური. მოგეხსენებათ, რომ ბაჯაღლო ოქრო კოროზიას არ ექვემდებარება, თუმცა, თუ ოქროს მინარევები აქვს, მას უჩნდება კოროზია. ეს, ხელოვნების მუზეუმში შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლიათ დაინახოთ და მიხვდებით, რომ უნიკალური ექსპონატები ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მიხედონ იმას, რაც საჭიროა, კაპიტალურ შეკეთებაზე კი მერე იფიქრონ“ – აღნიშნა გელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები