ექსკლუზივი – ჭიდაობის პრეზიდიუმი დაინიშნა, წევრთა ნაწილი მისვლას არ აპირებს


„მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი 23 თებერვალს შეკრიბება. პრეზიდიუმის წევრებმა მიწვევა უკვე მიიღეს, თუმცა, ზოგიერთი, პრეზიდიუმზე მისვლას არც აპირებს. მიზეზი ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძისა და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა, რომელზეც სს საქმეა აღძრული.

როგორც პრეზიდიუმის ერთ-ერთმა წევრმა „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობა, პრეზიდიუმი 23 თებერვალს 15:00 საათზე შეიკრიბება. წყაროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდუმზე გეგეშიძისა და დათუნაშვილის საკითხი განიხილება, მას რამოდენიმე წევრი არ დაესწრება.

მისი თქმით, პრეზიდიუმზე ამ თემის განხილვა სისულელეა, რადგან სს საქმეა აღძრული.

„23 თებერვალს, სამ საათზე პრეზიდიუმი დანიშნეს და დამირეკეს, რომ მივიდე. პირადად პრეზიდიუმში მონაწილეობას არ ვაპირებ. რატომ? იმიტომ, რომ საქმეა აღძრული, სასამართლომდეა მოსული და ასეთ დროს, ამ კაცის საქმეს პრეზიდიუმი რომ იხილავს, გეგეშიძეს ვგულისხმობ, რა უფლება გაქვს? განსჯი თუ რა? თუ სასამართლოზე მაღლა ხარ და შენი განსჯაა გადამწყვეტი? სანამ სასამართლო არ დამთავრდება არავის არ აქვს უფლება, ამ საქმეში ცხვირი ჩაყოს. მე მათ ვუთხარი, არ ქნათ ეს, თორემ სულელად ჩაგვთვლის საზოგადოება-მეთქი. რა გადაწყვეტილებასაც სასამართლო მიიღებს, დამთავრდა, იმის იქით ვერ გაინძრევი. ამიტომ არ დავესწრები მე ამ პრეზიდიუმს თუ ეს საკითხი იქნება. რომ დავესწრო რა ვუთხრა?“ – განუცხადა პრეზიდიუმის ერთ-ერთმა წევრმა „მედიაცენტრ მთავარს“.

კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, რომელიც ასევე პრეზიდიუმის წევრია, პრეზიდიუმი იმიტომ იკრიბება, რომ ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხი განიხილოს.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, რადგან სამართალდამცველებს დათუნაშვილის მიმართ კითხვები არ აქვთ, ამ საკითხზე შესაძლოა, პრეზიდიუმმა იმსჯელოს და დისკვალიფიკაციის ვერდიქტი გამოუტანოს. თუმცა, მისივე ინფორმაციით, თუ პრეზიდიუმი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველაფერი თავიდან დაიწყება და დაპირისპირება გამწვავდება. „დებულების თანახმად ჩვენ მას შეგვიძლია მივცეთ დისკვალიფიკაცია,” – განუცხადა პრეზიდიუმის ერთ-ერთმა წევრმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები