ექიმი, ექთანი და ზოგადად კლინიკა, ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი – დავით ლოლაძე

“მცხეთის სამედიცინო ცენტრის” კლინიკურ დირექტორ დავით ლოლაძის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმი, ექთანი, ან მთლიანად სამედიცინო დაწესებულება ხდება ბულინგის მსხვერპლი. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ბოლო სამწუხარო შემთხვევა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში მოხდა, როდესაც მორიგე ექიმს პაციენტმა სცემა.

​როგორც დავით ლოლაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მედიამ უნდა იზრუნოს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ელის ადამიანს, რომელიც ექიმს დაესხმება თავს. მიყვნენ მსგავს საკითხებს ბოლომდე და არგუმენტების გარეშე ნუ დაადანაშაულებენ ექიმს. 

“ექიმს მორიგეობაზე ფიზიკურად უსწორდებიან, ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი ფაქტი. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის ურთიერთობის ის ფორმა, რომლითაც ექიმთან ირკვევა ურთიერთობა. ადამიანი, რომელიც ექიმს თავს ესხმის, ამით პაციენტებსაც აზარალებს”, – აცხადებს დავით ლოლაძე და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

​შეგახსენებთ, რომ მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს ექიმს პაციენტი სასტიკად გაუსწორდა. ექიმს მიღებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. კონფლიქტი ექიმსა და პაციენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პაციენტმა ექიმს ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი, მას სცემა.

მსგავსი თემები