ექიმის დანიშნულების შემთხვევაში „ტამიფლუ“ ყველასთვის უფასო იქნება

სეზონური გრიპით ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. ექიმს საშუალება ექნება, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, თავად გასცეს მედიკამენტი.

შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გასცა. მისი აზრით, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას.

ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა გარკვეული პერიოდის – პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, მედიკამენტის გაცემის პროცესში ჩაერთვებიან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებიც, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. პროცესში ჩართვას აფთიაქებსაც შესთავაზებენ და კომერციული რეალიზაციისთვის შეძენილ მარაგს – 3000 კოლოფს, სამინისტრო შესყიდვის ფასად შეიძენს. აფთიაქებიდან მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის მედიკამენტი უფასოდ, ფორმა 100-ის ან რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

საქართველოს მოსახლეობა “ტამიფლუს” უფასოდ ხვალიდან მიიღებს. პრეპარატი აქამდე  უფასოდ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს მიეწოდებოდათ.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატს ახასიათებს ძლიერი გვერდითი მოვლენები და ექიმის რეკომენდაციისა და დოზირების მკაცრად დაცვის გარეშე მისი მიღება რეკომენდებული არ არის. გვერდითი მოვნელების შესახებ ინფორმაცია, პრეპარატის მომყოლ ქაღალდზე გერმანულ ენაზე წერია.

მსგავსი თემები