„ექიმებს, რომელთაც გადაცდომები აქვთ, ტრენინგზე აგზავნიან“ – უფლებადამცველი „მთავარში“

„პაციენტები იმიტომ ვართ ცუდ დღეში, რომ არ ვიცით ჩვენი უფლებების შესახებ. თუ ჩვენს უფლებებში გათვითცნობიერებულები ვიქნებით, ის მდგომარეობა არ გვექნება, რაც დღეს, საქართველოში პაციენტისა და მედპერსონალის ურთიერთობის კუთხოთ არსებობს“ – ეს განცხადება პანიცენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნანა სანაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

ნანა სანაია სამედიცინო რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს და აცხადებს, რომ დღევანდელი პრაქტიკით, ექიმებს, რომლებსაც გადაცდომები აქვთ, მხოლოდ გადამზადებაზე აგზავნიან, რაც საკმარისი არ არის.

„თუ კანონი კანონობს, როცა ექიმის დაუდევრობით, ადამიანი გარდაიცვლება ან ზიანი მიადგება, ექიმის შესაბამისად უნდა ისჯებოდეს. ჩვენს რეალობაში კი, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ექიმს აგზავნიან გადამზადებისთვის და ასევე დისკვალიფიკაციას აძლევენ ორი თვით. უბრალოდ, თუ ერთი წლის განმავლობაში სამჯერ მოხდა გაფრთხილება, მაშინ უჩერებენ კვალიფიკაციას. ექიმის დასჯის მეთოდი არის გადამზადება,“- განაცხადა პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ნანა სანაიას განცხადებით, პაციენტები მას, ხშირად, არასწორედ ჩატარებული ოპერაციის გამო მიმართავენ.

„მოგვმართავენ ძალიან ბევრი მიმართულებით. თუმცა, ყველაზე ხშირი მომართვიანობა არასწორად ჩატარებულ ოპერაციას ეხება. არის არასწორად დასმული დიაგნოზის შემთხვევებიც,“- განაცხადა ნანა სანაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა უფლება აქვს, მას, როგორც პაციენტს. პაციენტის უფლებას, საქართველოს კანონმდებლობა იცავს და თუ ეს გვეცოდინება, დაცულებიც ვიქნებით.

მსგავსი თემები