ექიმები, იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში, გრიპის ვირუსის მორიგ ტალღას ელოდებიან

ექიმები იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში გრიპის ვირუსის მორიგ ტალღას ელოდებიან. 

მედიკოსების თქმით, მაღალი ცხელების, გახშირებული სუნთქვის, პირღებინების დროს პაციენტებმა უარი უნდა თქვან თვითმკურნალობაზე და მიმართონ ექიმს.

„დეკემბრის ბოლოსთან შედარებით, ახლა სტაბილურია მდგომარეობა. ზრდის ტენდენცია ამ ეტაპზე არ გვქონია, თუმცა მაინც ველოდებით მეორე ტალღას. როგორც წესი, ეს არის იანვრის ბოლო, თებერვლის დასაწყისი. ამ პერიოდში არის ხოლმე მეორე ტალღა. დღევანდელ სიტუაციაში, სხვა რესპირაციულ ინფექციებთან ერთად, საკმაოდ ხშირია გრიპის ვირუსით მომართვიანობა. ჩვენი კლინიკის ბაზაზე გაცილებით მეტია „ბე“ ტიპის ვირუსი. H1N1-ის სიხშირე შედარებით იშვიათია და ასევე, შედარებით იშვიათია „ა“ ტიპის ვირუსით მომართვიანობის შემთხვევები.

შეცდომაა, როცა მშობლები გარკვეული ნიშნების მიმართ რჩებიან აუღელვებლები. ზოგჯერ არის, როდესაც ბავშვი იწყებს ღებინებას, უვლინდება ძლიერი თავის ტკივილი, როდესაც ბავშვი ტემპერატურასთან ერთად არის შედარებით სუსტად. ამ დროს, ბავშვს სახლში ტოვებენ, იწყებენ თვითმკურნალობას. თუ მაღალი ტემპერატურაა, 39-40-ია და სიცხის დამწევს არ ექვემდებარება; თუ ბავშვს აღენიშნება გახშირებული სუნთქვა, ასეთ შემთხვევაში ჯობს, ბავშვი ექიმმა ნახოს და მის მიერ დანიშნულ მკურნალობას მივყვეთ“, – აცხადებს მაია ხერხეულიძე.

მისივე თქმით, ასეთ დროს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში პირბადით გადაადგილება არის რეკომენდებული, რომელიც უნდა გამოიცვალოს ოთხ საათში ერთხელ მაინც.

„ძალიან ხშირად, თქვენ შეხვდებით ბაღში ბავშვებს, რომელთაც სურდო აქვთ, ახველებთ და მაინც, ბაღში დადიან, რაც არ არის სწორი, რადგან ეს ბავშვი წარმოადგენს ინფექციის წყაროს დანარჩენი კონტინგენტისთვის. აუცილებელი არის ოთახის ხშირი განიავება და ჰიგიენის ნორმების დაცვა. განსაკუთრებით, ხელების ხშირი დაბანა, რადგან გრიპის ვირუსი შესაძლებელია, გადაეცეს ხელის ჩამორთმევითაც. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა ხველის და ცემინების დროს, რადგან ამ დროსაც ხდება ვირუსის გამოფრქვევა“, – განაცხადა გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული აკადემიური კლინიკის ექიმმა მაია ხერხეულიძემ.

მსგავსი თემები