“ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება” – ეკა ბესელია საეჭვო დამთხვევებზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების ერთი თვის ვადაში დასრულებას ითხოვს. 

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, კადრების მორიგი გავრცელების ფაქტი, საეჭვოდ ემთხვევა ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან, ბოლო დღეებში მის წინააღმდეგ  განხორციელებულ შეტევებს.

​ეკა ბესელიას შეფასებით, ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. განსაკუთრებით კი ის არის საყურადღებო, რომ ამ ყველაფრისგან ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული. იგი პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

“პერსონალური, მორიგი თავდასხმებისა და ერთგვარი შტურმის ფონზე, კვლავ გამოჩნდა უკანონო ჩანაწერები. ამის შესახებ მედიით გავიგე და თავად დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ  ეს გუშინ, ჩემგან შეიტყვეს. ეს ამბავი ჩემგან უნდა გაეგოთ? არ მადარდებს მხოლოდ ჩემი თავი, ვინაიდან მსგავს შეტევას გავუძელი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ახლაც ბოლომდე გავყვები ამ საქმეს. უბრალოდ, ყურადსაღებია, რომ ამ ყველაფრით არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული და ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებებისგან მას ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი, თუ ვინ არის ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ორგანიზატორი. 

მსგავსი თემები