“ეს ფილმი გაყვარებს ქართულ ხელოვნებას და საქართველოს” – კინოკრიტიკოსი “გეი სიყვარულზე” გადაღებულ ფილმზე

“ფილმი, რომელიც შეგაყვარებს საქართველოს”, – ასე აფასებს კინოკრიტიკოსი, დიანა მაღლაკელიძე ფილმს “და ჩვენ ვიცეკვეთ”.

კინოკრიტიკოსის მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომელიც ბოლო პერიოდში გადაღებულა საქართველოში. მისი თქმით, “და ჩვენ ვიცეკვეთ” მაყურებელს თავიდან შეაყვარებს ქართულ ტრადიციებს.

“რა შუაშია აქ ქართველობა და ქართველობას გვართმევენ. რატომ გამოგვყავს საკუთარი თავი ისე, თითქოს, ქართველები არ ვიყოთ ადამიანები და არ გვქონდეს ადამიანური მოთხოვნილებები. მე ფილმის პრემიერა ვნახე კანში, ძალიან კარგი ფილმია. ფილმი, რომელიც შეგაყვარებს საქართველოს და რომელიც, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რაც ბოლო წლებში გადაღებულა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგია ამ ფილმში ქალაქის ყურება, ახალგაზრდების, რომლებიც თვითგამორკვევის პროცესში არიან. მათ აქვთ ფხიზელი და საკუთარი თავის გამორკვევის პრობლემა აქვთ. არაჩვეულებრივი მსახიობები არიან.

მინდა, ფილმის ღირსებას გავუსვა ხაზი. მახსოვს, როგორი ემოცია მქონდა ფილმის ნახვის შემდეგ, რადგან დასაწყისშივე არ ველოდებოდი, რომ ეს ასეთი კარგი ფილმი იქნებოდა. სულ სხვა თვალით გაჩვენებს თბილისს, საქართველოს, ახალგაზრდების დამოკიდებულებას ტრადიციების მიმართ და უბრალოდ, გაყვარებს ქართულ ხელოვნებას. 

ეს ფილმი, სიყვარულის მიძღვნაა საქართველოსადმი, რადგან ის ძალიან კარგ ახალგაზრდებს აჩვენებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, აჩვენებს ადამიანებს, რომელთაც არ ეშინიათ საკუთარი იდენტობის. ეს ფილმი ყველამ უნდა ნახოს, რადგან, შეიძლება თავიდან შეუყვარდეთ ქართული ტრადიციები. ეს არ არის მხოლოდ ჰომოსექსუალების სიყვარულის ისტორია, ჩემთვის, ესაა ფილმი ახალგაზრდებზე, რომლებიც საკუთარ იდენტობას ეძებენ”, – განაცხადა დიანა მაღლაკელიძემ.

კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დასრულდა. მაყურებლები შეობიდან პოლიციელების დახმარებით გადიან.

მსგავსი თემები