„ეს ერთჯერადი ფაქტია, თამაშის წესები იცვლება“ – ფინანსთა მინისტრი „გაშავებულების“ „გათეთრებაზე“

„საფინანსო ინსტიტუტები დაკრედიტებას იოლად ვერ შეძლებენ. თუ ვინმე სამომავლოდ ე.წ. შავ სიაში მოხვდება, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდის. ეს უნდა იცოდეს როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მოქალაქეებისთვის დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, საბანკო დავალიანებების ჩამოწერა იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს.


„უპასუხისმგებლო იყო დაკრედიტება, რაც აქამდე არსებობდა. კრედიტებს ისე გასცემდნენ, ადამიანების შემოსავლის შემოწმება არც ხდებოდა. დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ ასეთი სესხების აღებას. ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს. ამას არავინ წაახალისებას. ეს არის ერთჯერადი ფაქტი, რომელიც მიბმულია იმასთან, რომ შეიცვალა თამაშის წესები. მომავალი თამაშის წესები გამორიცხავს ასეთი დოზით ჭარბვალიანობას. თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის მაგივრად გადაიხდის. ეს უნდა იცოდეს როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა“, – განაცხადა მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე.

იმ მოქალაქეებს, რომელთა ონლაინსესხები კომპანია „ვივუსს“ უკავშირდება, მათ დავალიანების ჩამოწერა არ შეეხება, რადგანაც „ვივუსმა“ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. „ვივუსმა” ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე“ , – განაცხადა მაჭავარიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, „ვივუსთან“ მოლაპარაკება გაგრძელდეს და შედეგს მიაღწიონ. აღნიშნული განცხადება მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მსგავსი თემები