„ეს აქცია, ნაწილობრივ მაინც, პროვოცირებულია „ნაციონალების“ მიერ“ – ალი ბაბაევი

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი პროკურატურასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავართან“ მიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, სამართლიანობის მოთხოვნა „ნაციონალებთან“ ერთად კატეგორიულად მიუღებელია.   

„როგორც საქართველოს მოქალაქე, შეშფოთებული ვარ იმ აქციებით, რაც თბილისში იმართება. ადამიანები ითხოვენ სამართლიან განაჩენს და სამართალს, მაგრამ ამ ხალხს შორის ის ადამიანებიც არიან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ატერორებდნენ, ქუჩებში კლავდნენ ადამიანებს. ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ეს აქცია პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს და პროვოცირება მოახდინოს. ეს აქცია ნაწილობრივ მაინც პროვოცირებულია „ნაციონალების“ მიერ. მათ სტაბილურობა არ აინტერესებთ. მათი სურვილია დაძაბონ ქვეყანაში არსებული ვითარება. როგორც სომხეთში იყო, როგორც სირიაში და სხვა ქვეყნებში იყო. მე პირადად შეურაცხყოფილად ჩავთვლიდი თავს იმ უსინდისო და მოძალადე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აქციაზე დგომით. სამართლიანობა მოვითხოვოთ მათ გარეშე,“ – განაცხადა ბაბაევმა „მთავართან“ საუბრისას.   

მსგავსი თემები