„ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი“ – ვაშაძე დავალიანების ჩამოწერაზე

პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება იძულებული გახდა, მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება მიეღო. ვაშაძე მთავრობის გადაწყვეტილებას სასოწარკვეთილების ჟესტად აფასებს.

„არაფერი ინიციატივა ეს არ არის. ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი, იმიტომ, რომ ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და ე.წ. „ქართული ოცნების” ხელისუფლება კიდევ ცდილობს, ის, რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს, გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. შარშან ჩამოწერეს 75 მლნ-ზე მეტი… არჩევნები რაღა შუაში იყო მაშინ?არჩევნებამდე გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც?“, – აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტრობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც საბანკო დავალიანების გამო „შავ სიაში“ მოხვდნენ, დავალიანებები გაუნულდება.

მსგავსი თემები