“ეს არის დანაშაულის შეფუთვა” – სასულიერო პირები ნარკოპოლიტიკაზე

ნარკოპოლიტიკის რეფორმის ჯგუფის წევრი სასულიერო პირები, ხოლო შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად გარკვეული ზომების გატარებას ითვალისწინებს,  “დანაშაულის შეფუთვას” უწოდებენ და  ნარკოტიკის ლეგალიზაციის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.

“სასულიერი პირების მიზანია დავიცვათ ახალგაზრდები ამ სენისგან, რათა არ მოექცნენ ისინი ნარკოტიკის გავლენის ქვეშ. არა ერთი დედა მოსულა ჩემთან და უთქვამს, – ჯობს ჩემი შვილი წავიდეს ციხეში, ვიდრე ამ ნარკოტიკმა მოკლასო. ჩვენ გვაფიქრებს ჩვენი ქვეყნის მომავალი, როდესაც ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზაცია ხდება, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ გაყიდვის ლეგალიზაცია მოხდება და ნარკოტიკული საშუალებები მალე მაღაზიებში გაიყიდება. ჩვენი თხოვნაა ნარკოტიკი არ იყოს ხელმისაწვდომი”, – განაცხადა დეკანოზმა, დავით ისაკაძემ სასულიერი პირებმა დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის სახელმწიფოებრივი დონის დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოსა და მოსახლეობის მიმართ და საზოგადოება მალე იგრძნობს ამ გადაწყვეტილების სავალალო შედეგებს.

დეკანოზი დავით ლასურაშვილი, სიონის ტაძრის მოძღვარი აცხადებს, რომ მარიხუანის მომხმარებლები შემდგომ უკვე, გაცილებით ძლიერი ნარკოტიკის მოხმარებაზე გადადიან.

“მოსაზრება, რომ ადამიანი იღებს ალკოჰოლურ სასმელს, მაგრამ არ ლოთობს და ადამიანი ეწევა ნარკოტიკს, მაგრამ ის არ არის ნარკოდამოკიდებული, არასწორია. საერო პროფესიით ექიმი ვარ და ამ მხრივ ცოტა მაინც გამეგება. ალკოჰოლის მიღება მცირე დოზით ბიბლიაში მიღებულია და ის არ იწვევს ადამიანის არც გონების დეგრადირებას და არც პერსონის შეურაცხად მდგომარეობაში გადაყვანას. ნარკოტიკის იშვიათი მოხმარებაც კი, იწვევს ადამიანის როგორც ფსიქიკურად, ასევე ფიზიკურად რთულ მდგომარეობაში ჩადებას”, – აცხადებს დეკანოზი დავითი.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად, მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, დაისჯება მარიხუანას მოხმარება: საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).

კანონპროექტი მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მსგავსი თემები