„ეს არის ან ცინიზმი, ან რაღაც სერიოზული იმალება ამ საქმის უკან“ – 18 წლის სპორტსმენის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„პერსპექტივაში იმის იმედი, რომ ხვალ და ზეგ რაიმე უკეთესი იქნება არ გვაქვს, გასაჩივრება იქნება გასაჩივრებისთვის და მოგვიწევს სიმართლე ევროსასამართლოში ვეძებოთ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” გიგა ტატიაშვილის (მერსედესის მძღოლის)ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.

ყიფშიძე აღნიშნავს, რომ ტატიაშვილიც იყო დაბადების დღეზე მცხეთაში. კონფლიქტი რომ მოხდა, კონფლიქტს გაერიდა და სახლის სხვა ნაწილში იმყოფებოდა.

„კონფლიქტის შემდეგ 2 მეგობართან ერთად დაბრუნდა თბილისში. სულ სამნი იყვნენ, ჩამოვიდნენ თბილისში. ერთ-ერთი მიიყვანა მისამართზე, სადაც ის გადავიდა, რამდენიმე წუთი გაჩერდა და სთხოვა ისევ მცხეთაში დაბრუნება. თან კიდევ 2 ახალი მგზავრი ჩაისვა. დაბრუნდნენ 4-ნი და მეხუთე მძღოლი. უკვე გვიანი იყო, ბნელოდა, დატრიალდნენ ნატახტართან და გზაზე ნახეს რამდენიმე ბიჭი მიდიოდა, გააჩერებინეს მანქანა, გადავიდნენ, იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება მანქანაში მყოფებსა და გზაში ნანახ ბიჭებს შორის, სულ 2 წუთი გაჩერდნენ ადგილზე და ისევ უკან თბილისში დაბრუნდნენ ხუთივე. ტატიაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ დაინახა რომ ჟვანიას რაღაც ეკავა ხელში და ფეხებში ჩაარტყა ერთ- ერთს,“ – განაცხადა ყიფშიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ 18 წლის სპორტსმენს მომხდარი შემთხვევაში მხოლოდ მძღოლის ფუნქცია ჰქონდა.

„მას არანაირი როლი არ ჰქონია კონფლიქტში გარდა მძღოლობისა, ეს იცის მოსამართლემაც, ჩვენ ვასაჩივრებთ მხოლოდ სიტყვებს და არ გვაქვს დოკუმენტი, საქმის მასალები ჩაგვბარდა ღამე, განჩინება არ გვაქვს, ეს არის ან ცინიზმი ან რაღაც სერიოზული იმალება ამ საქმის უკან.

მას არანაირი ინფორმაცია, როცა დაიძრა მცხეთისკენ შურისძიებაზე არ ჰქონია, ის ყვება, რომ მას ეგონა თავის თანაკლასელები, თუმცა, როცა გაჩერდა და დაინახა, რომ სხვები იყვნენ არ უნდოდა შეჩერება, თუმცა კატეგორიული მოთხოვნით გააჩერებინეს მანქანა. ადამიანი, რომელიც პირველ კონფლიქტში არ მონაწილეობს და მოტივაცია შურისძიების არ გააჩნია, რატომ უნდა ჩარეულიყო ამ ამბავში. აქ არ შეიძლება დანაშაულის დაფარვასთან გვქონდეს საქმე, რადგან ეს იმ დროს არ აღიქმებოდა განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულად.

არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მას კონფლიქტში, არც ორგანიზებაში, ის საერთოდ არ იცნობდა იმ ჟვანიას, ვინც ჩვენება მისცა.

ტატიაშვილი ამბობს, რომ მანქანაში შურისძიებაში საუბარი არ ჰქონია, ეს იჯდა საჭესთან, მან თბილისიდან მცხეთაში ოთხი ადამიანი წაიყვანა, რეალურად ამ ბიჭის ფუნქცია არაფერია.

ჩვენებაში ამბობს, რომ, როგორც მიუახლოვდნენ იმ ტერიტორიას, რასაც ხიდის კონფლიქტი ჰქვია მან შენიშნა ვიღაცეები მიდიოდნენ, მას ეგონა ის ხალხი, ვინც უნდა წამოეყვანათ და დაჟინებული თხოვნის შემდეგ გააჩერა მანქანა, ის ელოდებოდა დაახლოებით წუთით მანქანიდან გადასულებს, იქ მოხდა შეხლა – შემოხლა,“ – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსნებეთ, რომ გამოძიებამ ტატიაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 225 – ე მუხლით წაუყენა, რაც დანაშაულის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

 მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება   

მსგავსი თემები