ეროვნული გამოცდების ცენტრს სოფიო გორგოძე უხელმძღვანელებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე იქნება. ის ამ თანამდებობაზე მაია მიმინოშვილის შეცვლის.

როგორც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სოფიო გორგოძეს,  განათლების სისტემაში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს და ეწეოდა საკონსულტაციო მომსახურებას, როგორც საჯარო და არასამთავრობო სექტორში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში განათლების მართვის მიმართულებით. უმაღლეს სასწავლებლებში მის მიერ წაყვანილი სასწავლო კურსები მოიცავს განათლების პოლიტიკას, საგანმანათლებლო შეფასებებს, განათლების კვლევებს.

მინისტრის ინფორმაციით, სოფიო გორგოძე სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც საქართველოს დელეგატი ევროსაბჭოს ზოგადი განათლების კომიტეტში, არის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე.

“განათლების მიმართულებით სოფიო გორგოძეს გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია და სტატია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცემაში. სოფიო გორგოძეს აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი განათლების პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ის გახლავთ განათლების დოქტორი. ეს არის გუნდი, რომელთან ერთადაც ჩვენ განვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმასა და სრულ ტრანსფორმაციას“, – განაცხადა მინისტრმა.

​აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპების ხელმძღვანელები, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, 10 სექტემბერს გაათავისუფლა.

მსგავსი თემები