„ერთ მხარეს იქნება ჩვენი კანდიდატი, მეორე მხარეს – სააკაშვილის კანდიდატი შავგულიძე“ – პრემიერ მინისტრი

„მთაწმინდაზე გვაქვს მეორე ტური და ეს არის ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი, რაც შეეხება გმირებს და ანტიგმირებს, ეს ყველაფერი არის მითი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის სამწუხაროა, რომ შავგულიძე მადლობას უხდის მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერისთვის.

„პოლიტიკის მიღმა ვამბობ – ეს ჩემთვის არის ნეგატიური ემოციების მომტანი და სამწუხარო ამბავი. როდესაც არჩევნების მეორე ტური იქნება, საზოგადოებისთვის სურათი ნათელია – ერთ მხარეს იქნება ჩვენი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე, მეორე მხარეს იქნება სააკაშვილის კანდიდატი ბატონი შავგულიძე. ამ ფაქტით მან გააკეთა თავისი არჩევანი, ახლა საზოგადოება გააკეთებს არჩევანს მეორე ტურში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებში მმართველი გუნდის შესაძლეობლობებს, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 2020 წელს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

„მე მაქვს 100 პროცენტიანი მოლოდინი იმისა, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და სწორედ იმ არჩევანის საფუძველზე დაკომპლექტდება პარლამენტი და საქართველოს მთავრობა. საქართველოს ჰყავს ორი მტერი – სიღარიბე და ოკუპაცია. შესაბამისად, ის პროგრამა, ის განვლილი გზა, რითაც წარსდგება პოლიტიკური ძალა 2020 წელს, ეს უნდა იყოს სწორედ იმის ნიშანი, რომ ამ პოლიტიკურ ძალას აქვს რესურსი და ხედვა, როგორ გაუმკლავდეს საქართველოს წინაშე არსებულ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევებს – უზრუნველყოს ქვეყნის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება, უზრუნველყოს ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებების რეალიზაცია“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები