„ერთხელ დავიყვირე მხოლოდ, ნუ ჩხუბობთ!“ – ხორავას ქუჩის ტრაგედიის თვითმხილველი

თბილისში, 7 თვის წინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე მყოფი თვითმხილველი ადასტურებს, რომ შემთხვევის დროს ხორავას ქუჩაზე იმ ეზოში იმყოფებოდა, სადაც მკვლელობა მოხდა. იქიდან გამომდინარე, რომ მან ყველაფერი დაინახა, კომისიის წევრები დაინტერესდნენ ნიკოლოზ იორდანაშვილმა ავტომობილის ხმოვანი სიგნალის საშუალებით მაინც თუ სცადა მოზარდების დაწყნარება.

როგორც თავად ნიკოლოზ იორდანაშვილი აცხადებს, მის ავტომობილს „სიგნალი“ გაფუჭებული აქვს.

„ერთხელ დავიყვირე მხოლოდ, როგორც მახსოვს, ნუ ჩხუბობთ!. თუმცა ეს ზუსტად არ მახსოვს. რაც შეეხება სიგნალს ის გაფუჭებული მაქვს. ჩემს წინ უცებ წამებში გამეხსნა გზა. როდესაც გზა გამეხსნა მაშინვე დავიწყე გამოსვლა. დავინახე, რომ გაიფანტნენ ბავშვები. ჩხუბი რომ დაიწყო მალევე გაიხსნა გზა. როდესაც ეზოდან გამოვედი, ეზოში ბავშვები კიდევ იყვნენ. ეზოს შესასვლელს კეტავდა ავტომობილიც. ვიკითხე ვისი იყო ეს მანქანა, ბიჭი მოვიდა და ჩაჯდა. ამ დროს გამორბოდნენ ეზოს “არკიდან” ბიჭები. ამ დროს ჩემი მანქანა ნახევრად გარეთ იყო, ნახევრად კვლავ – „არკაში“. ბავშვებმა გვერდზე ჩამირბინეს, თუმცა არ მახსოვს მათი აღწერილობა. ყურადღება იქითკენ მქონდა, რომ მანქანა გამეყვანა. უკან არ გამიხედავს. ეზოდან ძალიან ნელა ვმოძრაობდი. ვერ გავიხსენებ მარცხნივ და მარჯვნივ რა ხდებოდა. კონცენტრაცია მქონდა იმაზე, რომ გამოვსულიყავი,“ – განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.

მისივე მტკიცებით, სანამ ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, არავინ მომკვდარა.
„მკვლელობის შესახებ მაშინ გავიგე, როცა დაკითხვაზე ვიყავი, იმავე საღამოს. როდესაც მანქანის გარეთ გამოყვანის შემდეგ კვლავ ეზოში დავბრუნდი, ყველანი შოკში იყვნენ – ისინი შოკში დაჭრის გამო იყვნენ. მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ვინმე გარდაიცვალა“, – განაცხადა იორდანაშვილმა კომისიის სხდომაზე.

 

მსგავსი თემები