“ერთმორწმუნე მტერი ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია” – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ძლიერი დასავლელი პარტნიორები და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა, პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მტერი საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება. მელქისედეკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიმართვას.

„როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება ჩვენს თანამოქალაქეებამდე მივიტანოთ. მოდით, დღეს, 2020 წლის 26 მაისს დავიწყოთ ეს ყველაფერი, წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენი სწორედ ასეთი „ნეიტრალიტეტი“ აწყობს ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რომ უპრობლემოდ დაგვიპყროს და დამოუკიდებლობა წაგვართვას“, – აღნიშნავს ეპისკოპოსი, რომელიც თავის მიმართვაში „ერთმორწმუნე მტრის“ „ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაზეც“ საუბრობს.

„ყოველი წლის 26 მაისს, განსაკუთრებული ტკივილით მახსენდება, რომ „ერთმორწმუნე მტერი“ კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია და მის მიერ ჩვენს ქვეყანაში გავლებული მავთულხლართები, ჩვენი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილებაში გვიშლიან ხელს, მაგრამ მგონია, რომ სხვა პრობლემის წინაშეც ვდგავართ, ესაა არა ტერიტორიის, არამედ გონებისა და გრძნობების ოკუპაცია.

დიახ, ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე“, – წერს ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე. იგი ამბობს, რომ რეალურად მადლიერება გვმართებს დასავლელი პარტნიორებისა, რომლებიც ევროატლანტიკური სივრციდან ათწლეულების განმავლობაში უანგაროდ ეხმარებიან საქართველოს:

„ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებთან დაკავშირებით გვმართებს გაძლიერებული ყურადღების გამახვილება. მუდმივად უნდა ვცდილობდეთ, რომ ქრისტესმიერი სიყვარულით, მათი გონებიდან და გულებიდან მავთულხლართები მოვხსნათ, ავუხილოთ თვალები, დავანახოთ მტერი, რომელიც ცენტრალური ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დგას და ამის შემდეგ, უკვე ერთობლივად შევეცადოთ ტერიტორიული ოკუპაციისგან გათავისუფლებას“, – ამბობს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი.

მსგავსი თემები