“ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა კლინიკურად დაავადების პროგრესირება აღარ შეინიშნება” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს. სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევა არ დამატებიათ. მისივე თქმით, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია.

ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა გუშინ პირველად, დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა.

“კვლავ ერთი მძიმე პნევმონიით გვყავს პაციენტი, რომლის მდგომარეობაც უკვე გაუმჯობესებულია და ალბათ ისიც გადაინაცვლებს საშუალო სიმძიმის პაციენტთა რიცხვში. დანარჩენი პაციენტები გვყავს საშუალო და მსუბუქი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ექვსი მოზარდი რჩება.

„მოზარდები გვყავდა თერთმეტი, დატოვა უკვე დაახლოებით ოთხმა, თუ ხუთმა პაციენტმა და გვყავს ახლა ექვსი მოზარდი. მათი ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების კიდევ 13 ახალი შემთხვევიდან, სამი მათი ცენტრის პაციენტია.

„ჩვენი გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება და ჩვენს ცენტრში უკვე 82 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები