“ერთი მხრივ გარემოს ვანგრევთ, მეორე მხრივ, არ ვიცით, რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ანაკლიის პროექტს” – ბექა ნაცვლიშვილი

“ჩვენ, ერთი მხრივ გარემოს ვანგრევთ, მეორე მხრივ, გარანტირებული არ გვაქვს, ეს ეკონომიკური პროექტია, თუ არა”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, ანაკლიის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, როდესაც ასეთ მასშტაბურ მშენებლობაზეა საუბარი, უნდა არსებობდეს ეკონომიკური დასაბუთება იმისა, რამდენად მომგებიანია ეს პროექტი ქვეყნისთვის.

“ანაკლიის საკითხი გახდა წმინდა პოლიტიკური საკითხი. პარლამენტში იყო მოსმენა, კონსორციუმთან დაკავშირებით, თუმცა ეს მთლიანად ყურადღების მიღმა დარჩა და წინ წამოიწია იმ საკითხებმა, რომლებიც ყოველ დღე ტელევიზიით გვესმის – მთავრობა უშლის თუ არ უშლის ხელს ანაკლიის პორტის აშენებას.

ის, რომ ქვეყანას ცალსახად გაცხადებული აქვს ანაკლიის პორტის აშენების სურვილი, ეს კონსტიტუციაში წერია. თუმცა, აქ არის ერთი სხვა პრობლემა – მე კონსორციუმის მხრიდან ვერ მოვისმინე ეკონომიკური დასაბუთება იმისა, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, რამდენად მომგებიანი იყო ეს პროექტი. კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობას ამაზე ყურადღება მიექცია.

როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრს ვკითხე, ეს იყო პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროექტი, მხოლოდ ცალსახა პასუხები მივიღე. თქვენ წარმოიდგინეთ, იქ რა მასშტაბის მშენებლობა მიმდინარეობს და გაგრძელდება და შესაბამისად, გარემოს თვალსაზრისით, რამხელა დამანგრეველი ზიანის მომტანი იქნება იმ ეკოსისტემისთვის, რომელიც იქ არსებობს. ჩვენ ერთი ხელით გარემოს ვანგრევთ, მეორე მხრივ, გარანტირებული არ გვაქვს ეს ეკონომიკური პროექტია, თუ არა. გათვლები, ამგვარი მასშტაბის პროექტებზე იყოს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ჩინეთის ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას, როგორც ერთ-ერთ დიდ სავაჭრო პარტნიორზე. 

“მე მოვისმინე და ვნახე, ორი კომპანიის დასკვნა ანაკლიის პროექტის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. იქ საერთოდ არ იყო ჩინეთის ფაქტორი გათვალისწინებული. მარტივი კითხვა დავსვი, რომელი ქვეყნის ტვირთები დატვირთავენ ანაკლიის პორტს, ხაზი გავუსვი ჩინეთის ფაქტორს. სწორედ ჩინეთია ერთ-ერთი დიდი მოთამაშე. ჩემი აზრით, ყველა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი სწორედ ისაა.

შავი ზღვის მხარეს რა ქვეყნებიცაა, იქ ყველგან არის პოლიტიკური ფული. რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად მიიღება და იდგმევა ნაბიჯი, თუ რომელი პორტის მიმართულებით, ან რომელი სატრანსპორტო დერეფნით უნდა წარიმართოს ერთი მხრიდან მეორე მხარეს ტვირთების გადაზიდვა; შეთანხმებულია თუ არა ეს იმ ქვეყნის მთავრობებთან, რომლებმაც ტვირთები უნდა გამოატარონ ანაკლიის პორტის საფუძველზე. უნდა ვიცოდეთ, ეკონომიკურად რამდენადაა დასაბუთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პორტის განხორციელება იქნება უბრალოდ გარემოზე ზიანის მომტანი”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ბექა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტი არა “ქართული ოცნებისთვის” ან მამუკა ხაზარაძისთვის, არამედ ქვეყნისთვის კეთდება.

“სამწუხაროდ, ეს არის თემა, რომელიც განიხილება პიროვნულ დაპირისპირებად ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის. ამხელა პროექტზე ვლაპარაკობთ, რა ივანიშვილსა და ხაზარაძეზეა საუბარი. ვინმემ, ვინმეს უთხრა ანაკლიის პროექტი რისი მომტანია ქვეყნისთვის? დისკუსია იყო? რადგნ კონსტიტუციაში ჩაიწერა ეს საკითხი, უფრო შინაარსობრივად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს.  ეს პროექტი „ქართული ოცნებისთვის” ან ხაზარაძისთვის ხომ არ კეთდება? ეს არის ქვეყნის საკუთრება”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები